თუ ინტერნეტში მოარულ ხმებს დავუჯერებთ, BMW-ს მძღოლები ცნობილი არიან მართვის მანერების ნაკლებობით და მანქანის სიგნალის წარამარა, არასაჭირო შემთხვევებში გამოყენებით. ბრიტანეთში ჩატარებული ახალი კვლევა მათ ასეთ რეპუტაციას კიდევ უფრო აძლიერებს. ამ კვლევის მიხედვით, „BMW-ს მძღოლებში გაცილებით დიდია ფსიქოპათიური ტენდენციები, ვიდრე გზაზე მოძრავ ნებისმიერ სხვა მძღოლებში“; ამ მხრივ, მათთან ახლოს არიან Audi-ს მძღოლები.

კვლევა ორგანიზაცია Scrap Car Comparison-მა და ბაზრის კვლევის კომპანია 3Gem-მა ნოემბრის დასაწყისში ჩაატარა 2000 ბრიტანელ მძღოლზე. ყოველმა მონაწილემ დაასახელა ბრენდი, სანომრე ნიშნების ტიპი და მათი ამჟამინდელი მანქანის ფერი; ამის შემდეგ, მათ ჩააბარეს ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც 0-36 ქულით ფასდებოდა. 0-დან 18-მდე ქულა მიუთითებდა ჯანმრთელი გონების ინდივიდებზე; ფსიქოპათია „შესაძლებლად“ მიიჩნეოდა 19-დან 26 ქულამდე, 27-ზემოთ კი „სავარაუდოდ“.

2000 მონაწილის საშუალო ქულა 6,6 იყო, ცალკ-ცალკე ყველა ბრენდის მძღოლის საშუალო ქულა კი 18. თუმცა, მკვლევრებმა დაინახეს საჭიროება, რომ შეექმნათ რანგირებაც, რომელიც წარმოაჩენდა, რომელი ბრენდის მძღოლებს აღენიშნებოდათ ყველაზე მეტად ფსიქოპათიური ტენდენციები.

პირველ ადგილზე BMW-ს მძღოლები გავიდნენ 12,1 ქულით, მეორეზე კი Audi-ს მძღოლები 11,7 ქულით. ერთადერთი დასკვნა, რაც აქედან შეიძლება გამოვიტანოთ, ის არის, რომ ფსიქოპათებს დიდი ცხაურები და გერმანული პრემიუმ ავტომწარმოებლები ურჩევნიათ.

კვლევის ავტორთა განცხადებით, შდეგები მიუთითებს, რომ ამ მძღოლებში უფრო დიდია ალბათობა გამოავლინონ ფსიქოპათიური თვისებები, მაგალითად, ზედაპირული მიმზიდველობა, გაზვიადებული თვითშეფასება, სინანულის ან დანაშაულის გრძნობის ნაკლებობა.

შემდეგი ადგილები კი ასე გადანაწილდა:

  • Fiat-ი 7.0 ქულა
  • Mazda 6.4 ქულა
  • Honda 6.3 ქულა
  • Ford 6.1 ქულა
  • Mercedes-Benz 5.9 ქულა
  • Citroen 5.8 ქულა
  • Volkswagen 5.4 ქულა
  • Hyundai 5.3 ქულა
  • Renault 5.3 ქულა
  • Volvo 5.2 ქულა
  • Nissan 5.0 ქულა
  • Peugeot 4.8 ქულა
  • Toyota 4.7 ქულა
  • Vauxhall 4.7 ქულა
  • Seat 4.3 ქულა
  • Kia 4.2 ქულა
  • Skoda 4.2 ქულა

ძალური აგრეგატის თვალსაზრისით, სრულად ელექტრომობილების მფლობელებს ფსიქოპათობის უფრო მაღალი შანსი აქვთ (16 ქულა 36-დან), ვიდრე ჰიბრიდების (9,8 ქულა) და ბენზინის (7 ქულა) ან დიზელის (5,2 ქულა) ძრავიან მანქანათა მფლობელებს.

რაც შეეხება ფერებს — ფსიქოპათიური ტენდენციის ყველაზე მაღალი შანსი აჩვენეს ოქროსფერი (12,7 ქულა) და ყავისფერი (12,2 ქულა) მანქანების მფლობელებმა. შემდეგ მოდიან ვერცხლისფერი (5,5 ქულა) და წითელი (4,9 ქულა) მანქანების პატრონები.

და ბოლოს, პერსონალური სანომრე ნიშნების მფლობელმა მძღოლებმა 13,8 ქულა მიიღეს, რაც ორჯერ მეტია ჩვეულებრიცი სანომრე ნიშნების მფლობელთა მაჩვენებელზე (5,3 ქულა).

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანთა რაოდენობიდან გამომდინარე, აღნიშნული პარამეტრებით ადამიანთა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესახებ გადაჭრით დასკვნების გამოტანა რთულია.