როდესაც ბრიტანული ორადგილიანი სპორტული ელექტრომანქანის შესახებ მოჰკრავთ ყურს, ალბათ იმწუთას Lotus-ი ან Caterham-ი წარმოგიდგებათ თვალწინ, მაგრამ Firefly Sport-ი სულ სხვა „ვინმეა“. Young Driver Motor Cars-ის მიერ გამოშვებული მოდელი სინამდვილეში სათამაშო მანქანაა, რომლის მიზანიც არის, ბავშვებს საგზაო უსაფრთხოება და ელექტრომობილები გააცნოს, პარალელურად კი მართვისა და სრული ზომის ავტომობილის მსგავსი დინამიკა შეაგრძნობინოს.

Firefly Sport-ი სიგრძეში მხოლოდ 2,1 მეტრია; მის ორადგილიან სალონში 4-დან 10-წლამდე ორი ბავშვი თავსდება. საბედნიეროდ, სახურავი მორგებადია. ცოტა ხანში, კომპანია წარმოადგენს სპეციალურ ვარიანტს მოზრდილთათვისაც, რომლებიც ამჟამინდელ მოდელში ვერ ეტევიან.

ექსტერიერის დიზაინი Puremedium-ს ეკუთვნის და აერთიანებს თანამედროვე სუპერქარებისა და სპორტქარების ელემენტებს.

დიდი მანქანების მსგავსად, Firefly Sport-ი ეფუძნება ალუმინის შასს, აქვს დამოუკიდებელი საკიდარი და ლარტყული ტიპის საჭით მართვა.

ძალური აგრეგატი აერთიანებს 24-ვოლტიან ორ ელექტროძრავას, გადაცემათა კოლოფს და ორმაგ მრავალჯერადი გამოყენების 12-ვოლტიან ბატარეას. კონფიგურაციების მიხედვით, მაქსიმალური სიჩქარე მერყეობს 11 კმ/სთ-დან 25 კმ/სთ-მდე, ანუ ხელსაყრელია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მანქანის გათიშვა დისტანციურად, 200 მეტრის რადიუსში. ამავე დროს, მანქანა აღჭურვილია სენსორით, რომელიც მას ავტომატურად თიშავს როდესაც წინ რაიმე დაბრკოლებას დააფიქსირებს.

მანქანის წარმოება აგვისტოს ბოლოსკენ დაიწყება; ფასი და უფრო მეტი დეტალი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.