1911 წელს, Rolls-Royce Silver Ghost 1701-მა ინგლისისა და შოტლანდიის დედაქალაქებს შორის მოძრაობის სიჩქარის რეკორდი დაამყარა. წელს მანქანამ ეს მიღწევა კვლავ გაიმეორა.
რეკორდის მფლობელი Silver Ghost-ი „სიჩქარის ექსპერიმენტულ მანქანად“ შექმნეს და 1911 წელს, მან ლონდონი-ედინბურგის რბოლა მოიგო; 1286-კილომეტრიანი ორმხრივი გზა მანქანამ საშუალოდ 31,5 კმ/სთ სიჩქარით გაიარა. მართალია, დღეს ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გზების მდგომარეობას 110 წლის წინ, შედეგი მართლაც შთამბეჭდავი იყო.
იმის დასამტკიცებლად, რომ მანქანა გადაკეთებული არ იყო და ამავე დროს დამტკიცებულიყო მისი გასაოცარი შესაძლებლობებიც, რბოლის შემდეგ, ნახევარ-მილიან სიჩქარის ტესტზე მან 125 კმ/სთ სიჩქარით გაიარა. მოგვიანებით ის პირველი Rolls-Royce-ი გახდა, რომელმაც 160,9 კმ/სთ სიჩქარეს გადააჭარბა.
„Silver Ghost-ი ნამდვილად გახლავთ Rolls-Royce-ის ყველა დროის ყველაზე ცნობილი მოდელი. მან ეს სიჩქარის, საიმედოობისა და გამძლეობის ადრეულ ცდებში მიღწეული წარმატებებით დაიმსახურა და Rolls-Royce-ს მსოფლიოში საუკეთესო მანქანის რეპუტაციაც მოუტანა“, — ამბობს Rolls-Royce-ის კორპორატიულ ურთიერთობათა ხელმძღვანელი ენდრიუ ბოლი.
ახლახან, 110 წლის შემდეგ, იგივე მანქანა, იმავე პერიოდის ცხრა სხვა Rolls-Royce Silver Ghost-თან ერთად, ლონდონის სამეფო საავტომობილო კლუბიდან (რომელიც 1911 წლის ღონისძიებას მასპინძლობდა) ედინბურგისკენ გაეშურა. მათ წინ მიუძღ ოდა კომპანიის სულ ახალი Ghost მოდელი.
მანქანები ლონდონიდან 5 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე დაიძრნენ და რაც შეიძლება ახლოს გაუყვნენ იმ გზას, რომელიც მოდელმა 110 წლის წინ გაიარა. რბოლა მეორე დღეს, 6 სექტემბერს დასრულდა ედინბურგში, Rolls-Royce Motor Car-ის დიდ მისაღებში.
„Silver Ghost 1701-ს უნიკალური და სპეციალური ადგილი უკავია ბრენდის ისტორიაში. ძნელია გაიხსენო რომელიმე მანქანა, რომელიც დღესაც ისეთივე შესაძლებლობები აქვს, როგორც 110 წლის წინ. ამ გასაოცარი მანქანით გამორჩეულ პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც ის დააპროექტეს და შექმნეს“, — აღნიშნავს ბოლი.