ხშირად ყველაზე გამოცდილმა მძღოლებმაც კი არ იციან ყველა ის დეტალი თუ ნიუანსი, რაც მანქანის მართვას გაცილებით აადვილებს. ავტორაიდერი წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელიც მართვას გაგიმარტივებთ, თავიდან აგარიდებთ სახიფათო სიტუაციებს და საიმედო მძღოლად გაქცევთ.

1. შეამოწმეთ, სწორად არის თუ არა მომართული ყველა სარკე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება ე. წ. ბრმა ზონები, ანუ გზის მონაკვეთები, რომლებსაც ვერ დაინახავთ და ვერც გვერდით ზოლში მიმავალ მანქანას შენიშნავთ.

2. ისწავლეთ, როგორ იგრძნოთ, სად არის ბორბლები. ამით თავიდან აიცილებთ გზაზე შემხვედრ ორმოებს და დისკების ხუფების დაკაწვრას. აიღეთ პლასტმასის ცარიელი ბოთლი, ფეხით გააბრტყელეთ და დადეთ გზაზე. რიგრიგობით გადაუარეთ ჯერ მარცხენა და შემდეგ მარჯვენა ბორბლით; ფანჯრები ჩაწეული გქონდეთ, რათა ბოთლის ხმა გაიგოთ.

3. პარკირება სარკეებისა და ფანჯრების დახმარებით. პარკირებისთვის მზადებისას, შეჩერდით, როდესაც ბორდიური გვერდითა სარკის ქვეშ მოექცევა. ასე შეამცირებთ მანძილს მანქანასა და ბორდრიურს შორის და ბამპერსაც არ გაკაწრავთ.

4. გუბეში გავლის შემდეგ გააშრეთ მუხრუჭები. პატარა გუბეში გავლის წინაც კი სვლა შეანელეთ და გადით ფრთხილად, ყოველგვარი მანევრირებისა და სიჩქარის ცვლილების გარეშე. თუ სწრაფად გაივლით, არის შანსი, რომ წყალმა აალების სისტემას მიაღწიოს და ძრავა გააჩეროს. დიდი გუბის გავლის შემდეგ, არ შეცვალოთ სიჩქარე. პირველ რიგში, მუხრუჭებს გაშრობა აცალეთ: რამდენჯერმე დააჭირეთ გაზისა და მუხრუჭის პედლებს. ხახუნი სიცხეს გამოყოფს და მუხრუჭებიდან წყალიც სწრაფად ორთქლდება.

5. დააკვირდით წინ მიმავალ მაღალ მანქანათა მანევრებს. უყურეთ არა მხოლოდ უშუალოდ თქვენს წინ მიმავალ მანქანას, არამედ უფრო შორს მიმავლებსაც. მაღალ მანქანათა მძღოლები გზებზე სიტუაციაც გაცილებით მკაფიოდ ხედავენ. თუ მათ უცბად ზოლის შეცვლა დაიწყეს, ამის მიზეზი დიდი ალბათობით ავარია ან რაიმე სხვა შეფერხებაა. შესაბამისად, ზოლი თქვენც შეიცვალეთ.

6. თუ მანქანა არ იქოქება, ჩართეთ ფარების შორი განათება. ზამთარში მანქანა ხშირად პირველივე ცდაზე არ იქოქება. სანამ კიდევ სცდიდეთ, საჭიროა მანქანის ბატარეების გათბობა და გირჩევთ, ამისათვის ჩართოთ ფარების შორი განათება.

7. უკანა ხედვის სარკე ღამით დაბლა დასწიეთ. ბევრმა მძღოლმა არ იცის, რომ უკანა ხედვის სტანდარტულ სარკეს ორი რეჟიმი აქვს: დღის და ღამის. უკან მომავალი მანქანის სინათლემ რომ თვალი არ მოგჭრათ, შეცვალეთ სარკის კუთხე. ამისათვის საჭიროა, ჩამოსწიოთ სარკის ქვეშ არსებული ბერკეტი.

8. ჩართეთ კონდიციონერი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ხშირად არ იყენებთ, მცირე ხნით რეგულარულად ჩართეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამაგრილებელი სითხე გაიჟონება და მილები გამოშრება.

9. რეგულარულად გამოიყენეთ ხელის მუხრუჭი. პარკინგის გარდა, ხელის მუხრუჭის რეგულარულად გამოყენება ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ერთადერთი გამონაკლისია ძალიან ცივი ამინდი, რადგან ამ შემთხვევაში, შეიძლება გაიყინოს სამუხრუჭე ხუნდები.

10. თუ მეზობელ ზოლში მანქანა მოძრაობას ანელებს, თქვენც შეანელეთ, რადგან სავარაუდოდ, მძღოლი გზას ქვეითს ან ცხოველს უთმობს.

11. არ შეგაცდინოთ დაბალი სიჩქარის ილუზიამ. სწორ გზაზე, სიჩქარე რეალურზე ორჯერ უფრო დაბალი გეჩვენებათ. თუ მოსახვევამდე არ შეანელებთ, შეიძლება მანქანა მოგისრიალდეთ.

12. მარცხნივ მოხვევამდე ბორბლები წინასწარ არ მოაბრუნოთ, რადგან ეს საკმაოდ სახიფათოა. ისინი აუცილებლად საწყის პოზიციაში უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხვევის მოლოდინში რომ მანქანამ უკნიდან დაგარტყათ, შეიძლება საპირისპირო ზოლში გადაგაგდოთ, სადაც სხვა მანქანებთან შეჯახებაც გარდაუვალია.