უახლესი თაობის Hyundai Tucson-ის თიზერები უკვე გავრცელდა და როგორც მოსალოდნელი იყო, მანქანამ ამჟამინდელი მოდელისან რადიკალურად განსხვავებული დიზაინი მიიღო.
მეოთხე თაობის Tucson-ს აქვს სრულიად ახალი ბამპერი, რომელსაც Hyundai „ბრილიანტის მსგავს ცხაურას“ უწოდებს. ცხაურაში გაერთიანებულია გეომეტრიული ფორმების დღისით მოძრაობის ფარები, რომლებიც მხოლოდ მაშინ ჩანს, როდესაც ჩართულია.
ახალი Tucson-ი აგრძელებს „მგრძნობიარე სპორტულობის“ დიზაინის ფილოსოფიას, რომელიც პირველად Elantra-ში გამოიყენეს და კიდევ უფრო ავრცობს ავტომწარმოებლის „პარამეტრული დინამიკის“ დიზაინის თემას. ეს თემა გრძელდება უკანა მხარესაც, სადაც თვალს მოგჭრით დრამატული LED გაბარიტული ფარები. იქვე ნახავთ სრული სიგანის განათების ბარს, აგრესიულ ბამპერსა და დიფუზორს.
ახალი მოდელი უფრო დიდი და განიერია, ვიდრე წინა თაობის Tucson-ი და ასევე გაფართოებულია თვლების ბაზა. თიზერ ფოტოებზე ჩანს განსხვავებული დისკებიც.
როგორც უახლესი ცნობები მიუთითებს, ახალი Tucson-ის ინტერიერი დაახლოებით ისეთი იქნება, როგორსაც ფანები ვარაუდობდნენ. მათ შორის არის ოთხმანიანი საჭე და საზომ ხელსაწყოთა სრულიად ციფრული ბლოკი. განსაკუთრებით დამაინტრიგებელია ხელსაწყოთა პანელი (ტორპედო), სადაც მოთავსებულია ვრცელი საინფორმაციო დისპლეი და კლიმატკონტროლის სავენტილაციო არხები.
უცნობი რჩება ძალური გადაცემის დეტალები, მაგრამ როგორც გამოცემა CarScoops-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე მანქანას ექნება 2.5 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი Theta3 ძრავა ატმოსფერულ და ტურბოჩაბერვიან ფორმებში.
Hyundai-ს განცხადებით, ახალი Tucson-ის მსოფლიო პრემიერა 14 სექტემბერს შედგება.