2021 წლის Mercedes-AMG GT Black Series აშშ-ის ბაზარზე მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება; როგორც კომპანია აცხადებს, მანქანის ფასი 325 000 დოლარიდან დაიწყება.

GT R-ზე თითქმის ორჯერ ძვირ GT Black Series-ს „შეუდარებელ ფლაგმანს“ უწოდებენ და აქვს შთამბეჭდავი დიზაინი, დახვეწილი აეროდინამიკა და „ყველა დროის ყველაზე ძლიერი AMG V8 ძრავა“.

ორმაგი ტურბო 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა 720 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. დაკავშირებულია შვიდსიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან, რომელიც ენერგიას უკანა თვლებს უგზავნის. შედეგად, მანქანა 96 კმ/სთ სიჩქარეს 3,1 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე 325 კმ/სთ-ია.

გარდა ყოვლისშემძლე ძრავისა, Black Series-ს აქვს მოტორსპორტით შთაგონებული დიზაინი – ნახშირბადის ბოჭკოს წინა გამყოფი, ამავე მასალის წინა დგარები და ვენტილირებადი კაპოტი. სხვა გამორჩეულ მახასიათებლებს შორის არის დიდი ცხაურა, ნახშირბადის ბოჭკოს სახურავი და უკანა ლუქი მსუბუქი მინით. მოდელს ასევე აქვს ნახშირბადის ბოჭკოს უკანა ფრთა და 19-ინჩიანი დისკები.

სპორტული სტილი სალონშიც გრძელდება. იქ მძღოლს დახვდება მიკრობოჭკოთი დაფარული სპორტული საჭე და AMG Performance სავარძლები Nappa ტყავისა და მიკრობოჭკოს გადასაკრავებით, ვერცხლისფერი და ნარინჯისფერი კონტრასტის ნაქარგებით. სხვა გამორჩეულ დეტალებს შორის არის ნახშირბადის ბოჭკოს შავი მოკაზმულობა და კარის მსუბუქი პანელები. მანქანას აქვს 12,3-ინჩიანი საზომ ხელსაწყოთა ციფრული დაფა და 10,2-ინჩიანი საინფორმაციო სისტემა.