Nissan-მა იაპონიაში ახალი თაობის Note წარმოადგინა; გაყიდვებიც 23 დეკემბერს დაიწყება.
მანქანა ჩაანაცვლებს ამჟამინდელ მოდელს, რომელიც 2012 წლიდან არ შეცვლილა. ახალ Note-ს აქვს ევოლუციური დიზაინი და დიდი, V-ის ფორმის ცხაურა, რომელსაც გარს აკრავს ახალი ფარები.
პროფილის დიზაინი სრულად შეცვლილია; აქვს ახალი ხაზები და უფრო გამოკვეთილი ბორბლის თაღები; სახურავი უკანა მიმართულებით უფრო დახრილია და მთავრდება მოკრძალებული ფრთით; უკანა მხარეს შეამჩნევთ ჰორიზონტალურად განთავსებულ გაბარიტულ ფარებს. მთლიანად განახლებულია დისკებიც.
ახალი დიზაინის კოკპიტზე განთავსებულია ხელსაწყოთა სამშრიანი პანელი ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემით და საზომ ხელსაწყოთა (მაჩვენებელთა) ციფრული დაფა. ახალია საჭე და ცენტრალური კონსოლიც, სადაც განთავსებულია გადაცემათა გადართვის ბერკეტი და ელექტრონული საპარკინგე მუხრუჭი, მის ქვეშ კი უსადენო დამუხტვის დაფა.
ახალი Note აღჭურვილია მძღოლის დამხმარე სხვადასხვა სისტემით; მათ შორის არის 360-გრადუსიანი დამხმარე და ProPilot-ი Navi-link სისტემით, რომელიც საბორტო ნავიგაციის გამოყენებით სიჩქარეს მოსახვევამდე ანელებს და არეგულირებს სიჩქარის შემზღუდველი საგზაო ნიშნების მიხედვით.
Nissan-ის განცხადებით, 2021 წლის Note-ის ყველა ვერსია ელექტრიფიცირებული e-Power ძალური გადაცემის სისტემით გაეშვება, რომელშიც ბორბლებს მხოლოდ ელექტროძრავა მართავს, შიგაწვის ბენზინის ძრავა კი მხოლოდ ბატარეის დასამუხტად გამოიყენება.
ეს გახლავთ e-Power სისტემის მეორე თაობა, რომელსაც სრულიად ახალი ელექტროძრავა და ინვერტორი აქვს. მის ელექტროძრავას 10 პროცენტით მეტი მაბრუნი მომენტი და 6 პროცენტით გაზრდილი მწარმოებლურობა აქვს.
ასევე გამოვა სრულად ელექტრო ვარიანტიც, რომელსაც ორი ელექტროძრავა ექნება — ორივე ღერძს საკუთარი და შესაბამისად, მანქანის ოთხივე თვალი წამყვანი იქნება.
საწყისი კომპლექტაციის (S) ფასი 19 510 დოლარიდან დაიწყება, საშუალო კომპლექტაციის მოდელი (F) 19 753 დოლარი ეღირება, მოწინავე X მოდელი კი 21 022 დოლარი.