Porsche-მ 2021 წლის 911 GT3 Cup-ი წარმოადგინა (ოფიციალური პრეზენტაცია ჯერ წინაა), რომელიც 992-თაობის ჩვეულებრივ საგზაო მოდელს ეფუძნება.

ახალ 911 GT3 Cup-ზე მუშაობა Porsche-მ 2019 წლიდან დაიწყო და შექმნა სრულიად ახალი აეროდინამიკური პაკეტი სარბოლო მანქანისთვის. ყველაზე გამორჩეული კი ის არის, რომ პირველად 911 Cup მანქანის ისტორიაში, მოდელს ვრცელი ტურბო-სპეციფიკური ძარა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წინა ნაწილი 28 მილიმეტრით უფრო განიერია, ვიდრე წინა მოდელის შემთხვევაში.

თვლების გაშლილი თაღების წყალობით, უფრო განიერია უკანა დაბოლოებაც. Porsche-ს განცხადებით, ახალი მანქანა ძველზე გაცილებით მეტ მიმჭერ ძალას გამოიმუშავებს, რაც ნაწილობრივ უკანა ფრთის დამსახურებაა, რომელიც 11 სხვადასხვა პოზიციაში ყენდება.

991.2-თაობის 911 GT3 Cup-ის ძარა 70 პროცენტი ფოლადის და 30 პროცენტი ალუმინისგან შედგება. 992 მოდელის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა, ძარის 70 პროცენტი ალუმინია, 30 პროცენტი კი ფოლადი; კარები, კაპოტი და უკანა ფრთა დამზადებულია ნახშირბადის ბოჭკოთი გაძლიერებული პლასტმასით.

ახალი 911 GT3 Cup აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი ატმოსფერული ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავით, რომელსაც შეზეთვის სისტემა მშრალი ქვეშის მქონე კარტერი აქვს და 510 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავა დაკავშირებულია ექვსსიჩქარიან თანმიმდევრულ, ე. წ. ძაღლის ტიპის გადაცემათა კოლოფთან, რომელსაც აქვს პედლით გადამრთველები, ერთმასიანი მქნევარა და სამდაფიანი მეტალის სარბოლო გადაბმა. ხელმისაწვდომია სამი სხვადასხვა გამოსაბოლქვი სისტემაც, რაც სარბოლო სერიებზეა დამოკიდებული.

Porsche-ს განცხადებით, მათი მიზანია, რომ მომდევნო წლებში სულ მცირე 5000 ეგზემპლარი გამოუშვან.

ახალი 911 GT3 Cup-ი იასპარეზებს Porsche Mobil 1 სუპერთასზე და Porsche Carrera-ს თასზე გერმანიაში, საფრანგეთში, ბენილუქსის ქვეყნებში, აზიასა და პირველად ისტორიაში, ჩრდილოეთ ამერიკაშიც.