მართალია, 2018 წლის ფილმში „შავი პანთერა“ Lexus LC ვარსკვლავურ როლს ასრულებდა, მაგრამ ამან Audi ვერ შეაჩერა და ამერიკის კონტინენტისთვის საკუთარი შავი პანთერა შექმნა.
2021 წლის R8 Panther Edition-ს შავი ემბლემა და პანთერისფერი შავი კრისტალური ეფექტის მქონე საღებავი ექნება, ახლოდან შეხედვისას კი მუქი იისფერი ტონი დაჰკრავს. მანქანა აღჭურვილია ნახშირბადის ბოჭკოს სარკის სახურავებითა და 20-ინჩიანი დისკებით, რომელიც შავშია გადაწყვეტილი წითელი აქცენტებით.
სხვა გამორჩეულ მახასიათებლებს შორის არის LED ფარები, სპორტული გამოსაბოლქვი სისტემა და ექსტერიერის ნახშირბადის პაკეტი.
უნიკალური დიზაინი სალონშიც გრძელდება, სადაც დიზაინერებმა მოათავსეს Audi-ს ექსკლუზიური სრულიად ტყავის ინტერიერი ჟოლოსფერი წითელი ნაკერებით. წითელი თემა გამოძახილს სავარძლებშიც ჰპოვებს.
ტყავი/ალკანტარა აქვს გადაკრული საჭეს, ჭერზე გაჭიმულია ბრილიანტის გამოსახულებებით მოქარგული ალკანტარა, ძირზე კი სპეციალური საფენი R8-ის ნაქარგებით.
სხვა მახასიათებელთაგან უნდა აღინიშნოს კარის ზღურბლის ზესადების განათება, Bang & Olufsen-ის 13-სპიკერიანი აუდიოსისტემა და ინტერიერის ნახშირბადის ბოჭკოს პაკეტი, რომელიც მოიცავს ცენტრალურ კონსოლს, სავენტილაციო ნახვრეტებსა და მაჩვენებელთა დაფის შემოგარენს.
მანქანა აღჭურვილია 5,2-ლიტრიანი V10 ატმოსფერული ძრავით, რომელიც 532 ცხენის ძალას და 540 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ის დაკავშირებულია შვდისიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან, რომელიც ენერგიას უკანა თვლებს აწვდის. Audi-ს განცხადებით, მანქანა 0-96 კმ/სთ სიჩქარეს 3,6 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 323 კმ/სთ-ია.
დაგეგმილია მხოლოდ 30 ეგზემპლარის წარმოება, ექსკლუზიურად აშშ-ის ბაზრისთვის. ფასი 183 300 დოლარიდან დაიწყება.