Volkswagen-ს მიაჩნია, რომ ჩინეთში უფრო მეტი SUV-ი სჭირდება და შესაბამისად, ამ ბაზრისთვის კიდევ ერთი ასეთი მანქანა შექმნა. მოდელს Talagon-ი უწოდა და ამჟამად მისი უდიდესი SUV-ია, მაგრამ ის მჭიდროდ არის შეზღუდული მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვის.
Talagon-ის დებიუტი შანხაის ავტოშოუზე შედგა და წარმოადგენს FAW-Volkswagen-ის ერთობლივ პროდუქტს; ის ორი წლის წინ, SMV Concept-ის სახით უკვე ვიხილეთ, მაგრამ საწარმოო მოდელის დიზაინი ოდნავ განსხვავებულია.
მანქანის სიგრძე 515,2 სანტიმეტრია, სიგანე 200,2 სმ, სიმაღლე 179,5 სმ; შედეგად, ის VW-ის უდიდესი SUV-ია და 11,2 სმ-ით უფრო გრძელი, 1,2 სმ-ით უფრო განიერი და 1,5 სმ-ით უფრო მაღალია, ვიდრე Atlas-ი, რომელიც ჩინეთის ბაზარზე Teramont-ის სახელით არის წარმოდგენილი. იდენტურია ამ ორი მოდელის თვლების ბაზის სიგრძე — 298 სმ-ია. ეს მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ Talagon-ი ეფუძნება MQB Evo პლატფორმას, რომელიც VW Group-ის კომპაქტური მანქანების ნამდვილი საძირკველია, ისეთი მოდელების, როგორებიც არის Golf, Skoda Octavia, Seat Leon და Audi A3.
მანქანაში თავსდება 6-7 ზრდასრული ადამიანი. გარდა სამმანიანი საჭისა, Atlas/Teramont მოდელთან სალონში საერთო სხვა ბევრი არაფერი აქვს. ხელსაწყოთა პანელი უფრო თანამედროვეა და მოიცავს საინფორმაციო სისტემის მოძრავ, მოზრდილ ეკრანსა და მაჩვენებელთა ციფრულ დაფას. განსხვავებულია ცენტრალური კონსოლიც.
Talagon ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვაგვარი ძალური აგრეგატებით, მათ შორის იქნება 2.5-ლიტრიანი V6, რომელიც DSG ტრანსმისიასთან და 4Motion ოთხივე წამყვანი თვლის სისტემასთან არის დაკავშირებული. ჩინური მედიის ცნობით, უნდა ველოდოთ 2.0-ლიტრიან ტურბოძრავასაც.