General Moto-ის ელეტქრომობილთა ოჯახი ახალ მწვერვალზე ადის — კომპანიამ 2022 წლის Chevrolet Bolt-ი და Bolt EUV-ი წარმოადგინა.
თამამი დიზაინით, ხელმისაწვდომი ფასითა და ერთი დამუხტვით სულ მცირე 402 კმ გარბენის მანძილით, ახალი Bolt-ები წარმოადგენს GM-ის იმ გეგმის ნაწილს, რომლის მიხედვითაც, 2025 წლამდე 30 ახალი ელექტრომობილი უნდა გამოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ისეთი თვალისმომჭრელი არ არის, როგორც Cadillac Lyriq-ი ან GMC Hummer EV-ი, მათ საკმაოდ დიდი როლი უნდა ითამაშონ კომპანიის ნულოვანი გამონაბოლქვის მომავალში.
თამამი დიზაინი
Bolt-მა დღის სინათლე პირველად 2017 წელს იხილა და მოკრძალებული წარმატებაც აჩვენა, მსოფლიოში გაიყიდა 100 000-მდე ეგზემპლარი. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მყიდველთა 75 პროცენტმა მისი სახით GM-ის პროდუქტი პირველად იყიდა.
Chevrolet ამ წარმატების გაგრძელებას ფუტურისტული იერის ჰეტჩბეკის შემოთავაზებით გეგმავს. შედეგად, მოდელს აქვს სრულიად ახალი წინა ბამპერის საფარი, სადაც ნახავთ ახალ ფარებსა და დღისით მოძრაობის ფარებს. დიზაინერებმა ასევე მოხსნეს არაბუნებრივი ცხაურა და დაამატეს უფრო გამორჩეული კაპოტი.
ცვლილებები უკანა მხარესაც გრძელდება, სადაც ნახავთ მომხიბვლელ უკანა ბამპერს წვრილი რეფლექტორებით. ახალია საბარგულის კარიც, რომელზეც დამონტაჟებულია უფრო მოხდენილი გაბარიტული ფარები.
როდესაც Chevrolet განახლებულ Bolt-ზე მუშაობდა, ამჟამინდელ მფლობელებს აქტიურად სთხოვდა უკუკავშირის გაგზავნას. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა ბევრს მოსწონდა, ისინი ასე აღტაცებული არ იყვნენ ინტერიერით.
ამ ნაკლის გამოსასწორებლად, 2022 წლის Bolt-ი აღჭურვილია ახალი საჭით, უფრო ტრადიციული მაჩვენებელთა დაფითა და მაღალი ხარისხის გადამრთველი მოწყობილობით. მოდელს ასევე აქვს „მცურავი“ ცენტრალური კონსოლი ახალი გადამრთველი ღილაკით.
განახლებულია სავარძლებიც, კონტრასტული ნაქარგითა და სამკუთხა გეომეტრიული მახასიათებლებით. მძღოლებს ასევე დახვდებათ მაჩვენებელთა 8-ინჩიანი ციფრული დაფა და განახლებული, 10-ინჩიანი საინფორმაციო სისტემა, რომელსაც ახლა უკვე აქვს Apple CarPlay-ს მხარდაჭერა.
მეტი გსურთ? მოსინჯეთ ახალი Bolt EUV-ი
მიუხედავად იმისა, რომ Bolt EUV-ი იმავენაირად გამოიყურება, მისი ძარის პანელები Bolt-ის მსგავსი არ არის. ცვლილებებს შორის არის უფრო შთამბეჭდავი წინა ბამპერის საფარი, უნიკალური ფანჯრები და ზემოთ აწეული უკანა ნაწილი. Bolt EUV-ს ასევე აქვს სახურავის „რელსები“ და გამორჩეული გაბარიტული ფარები.
კროსოვერი 160 მილიმეტრით უფრო გრძელია და აქვს 74 მილიმეტრით უფრო გრძელი თვლების ბაზა. შედეგად, სალონი უფრო ტევადია უკანა მგზავრებისთვის. კაბინის მთლიანი ტევადობა 1617 ლიტრია.
Bolt EUV-ში მომხმარებლებს დახვდებათ სმარტფონის უსადენო დამტენი. არჩევის შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება ისეთი მახასიათებლებიც, როგორებიც არის პანორამული ლუქი, წინა სავარძლების გათბობა-ვენტილირება.
ამას გარდა, Bolt EUV-ი პირველი Chevy და პირველი ელექტრომობილი იქნება Super Cruise-ის ნახევრად ავტონომიური მართვის სისტემით. საჭეზე ხელის მოკიდების გარეშე მართვა შესაძლებელი იქნება აშშ-ისა და კანადის გარკვეულ გზებზე, რომელთა სიგრძეც ჯამში 321 869 კმ-ია.
რაც შეეხება მძღოლის დამხმარე სისტემებს, ორივე Bolt-ი სტანდარტის სახით აღჭურვილია ავტომატური საგანგებო მუხრუჭით, წინა შეჯახების გამაფრთხილებლით, ქვეითების წინა მუხრუჭით, ზოლის შენარჩუნების დამხმარით და ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებლით. არჩევანის სახით ხელმისაწვდომი იქნება ადაპტური კრუიზ-კონტროლი, უკანა გზაზე მოძრაობის გამაფრთხილებელი და მიმდებარე ხედვის HD სისტემა.
ნაცნობი ძალური აგრეგატი 416 კმ გარბენის მანძილით
ორივე მოდელს აქვს 65 კილოვატ-საათიანი ლითიუმ-იონური ბატარეები, რომლებიც ენერგიას ელექტროძრავს აწვდის, ეს უკანასკნელი 201 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ანუ, ორივე Bolt-ს წინა წამყვანი თვლები აქვს.
ერთი დამუხტვით, Bolt-ი 416 კილომეტრს ფარავს. მიუხედავად უფრო დიდი ზომისა და წონისა, Bolt EUV-ში ეს მაჩვენებელი 402 კილომეტრია.
ორივე მოდელი აღჭურვილია 11 კილოვატ-საათიანი სწრაფიუ დამუხტვის ფუნქციით, რომლის წყალობითაც, 161 კილომეტრის გავლისთვის საჭირო მუხტს Bolt-ი 30 წუთში იღებს, Bolt EUV-ი კი 153 კმ-ისთვის საჭირო მუხტს.
სახლში 240 ვოლტზე დატენვის შემთხვევაში, საჭიროა დაახლოებით შვიდი საათი.
ფასი
2022 წლის Bolt-ი და EUV-ი ბაზარზე ამ ზაფხულს გამოჩნდება. ჰეტჩბეკის ფასი 31,995 დოლარიდან დაიწყება, რაც შარშანდელ მოდელზე 5500 დოლარით ნაკლებია.
რაც შეეხება 2022 წლის Bolt EUV-ს, მისი ფასი 33,995 დოლარიდან დაიწყება.
Chevrolet ასევე შემოგვთავაზებს Bolt EUV Launch Edition-ს, რომელსაც მრავალი გაუმჯობესებული მახასიათებელი ექნება და მისი ფასი 43,495 დოლარიდან დაიწყება.