Chevrolet 2022 წლის Bolt EUV-ის კამპანიას აგრძელებს და გვთავაზობს ახალ ვიდეოს, რომელშიც ინტერიერისა და ექსტერიერის გარკვეულ დეტალებს გვიჩვენებს.

როგორც ვიდეოში ხედავთ, მანქანით მგზავრობისას, ოჯახს ავტოსტოპით დაემგზავრება სამი აჩრდილი დისნეის ფილმიდან „მოჩვენებათა სახლი“. ოჯახის წევრები მოჩვენებებს ვერ ამჩნევენ და ისინიც ქროსოვერში თავისუფლად დაფრინავენ.

კლიპი მრავლისმთქმელი არ არის, მაგრამ გვიჩვენებს, რომ Bolt EUV-ს ექნება ორ ფერში გადაწყვეტილი ტყავის სავარძლები კონტრასტული ნაქარგით. უკანა ხედვის სარკეში არეკლილი გამოსახულება კი მიგვანიშნებს, რომ სქელი უკანა დგარების გამო, მოდელს საკმაოდ მოზრდილი უხილავი ზონები ექნება.

ეს ყველაფერი ბევრს არაფერს გვეუბნება, მაგრამ წინა თიზერებში ვნახეთ, რომ ქროსოვერს ექნება მაჩვენებელთა ციფრული დაფა და ამ დაფის უფრო ტრადიციული ცენტრალური ნაწილი, ვიდრე სტანდარტულ Bolt-ს აქვს. Chevrolet ასევე ადასტურებს, რომ Bolt EUV მათი პირველი ელექტრომობილი იქნება, რომელიც აღიჭურვება ნახევრად ავტონომიური მართვის სისტემა Super Cruise-ით.

ექსტერიერი წამიერად ჩნდება, მაგრამ შეგვიძლია დავინახოთ დამრეცი სახურავი, კუთხური უკანა სარტყლის ხაზი და წვრილი გაბარიტული ფარები. ეს უკანასკნელი წინა თიზერებშიც ვიხილეთ.

სხვა მახასიათებლებს Chevrolet საიდუმლოდ ინახავს; ამჟამინდელ Bolt-ს 66 კვტ/სთ ბატარეები და 200 ცხენის ძალიანი ელექტროძრავა აქვს. ერთი დატენვით ჰეტჩბეკი 417 კილომეტრს ფარავს.

2022 წლის Chevrolet Bolt-ის და Bolt EUV-ის პრემიერა რამდენიმე დღეში, 14 თებერვალს შედგება და სრულ დეტალებსაც მაშინ შევიტყობთ.