მოხდენილი დიზაინი და ტურბოძრავა Audi Q5-თან და BMW X3-თან კონკურენციისთვის

წლების განმავლობაში მეორე კლასის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ როგორც იქნა, Genesis-ი სრულფასოვან მაღალი კლასის ავტომწარმოებლად იქცა.

ეს პროცესი G70-ითა და GV80-ით დაიწყო, დღეს კი 2022 წლის GV70-ის წარმოდგენით გაგრძელდა.

GV70-ს აქვს პრეტენზია, რომ ბრენდის ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელი გახდეს; არის საწყისი დონის ქროსოვერი მკაფიო და მაღალი ხარისხის დიზაინით. წინა ნაწილში დომინირებს ფართო შვერილი ცხაურა სპორტული ჰაერმიმღებებითა და Genesis-ის სავაჭრო ნიშნით.

ცოტა ზემოთ შენიშნავთ დამრეც კაპოტს და გამოკვეთილ ძარას. მოდელი ასევე გამოირჩევა ე. წ. პარაბოლური ხაზით, რომელიც წინა ფარებთა იწყება და უკანა გაბარიტულ ფარებამდე გასდევს. იქვე ვხედავთ მძლავრ უკანა დგარებსა და გამოკვეთულ ფანჯრებს.

უკანა ნაწილში მანქანას აქვს საკმაოდ თამამი საქარე ფანჯარა და მოხდენილი საბარგულის სახურავი ზედ ინტეგრირებული სპოილერით. იქვეა ოთხი სპორტული გაბარიტული ფარი, ვენტილირებადი ბამპერი და საკმაოდ მოზრდილი ორი გამოსაბოლქვი მილი.

მაღალი კლასის დიზაინი სალონშიც გრძელდება, სადაც ნახავთ მაღალი კლასის მასალებსა და ელიფსურ ელემენტებს, რომლებიც შთაგონებულია „თვითმფრინავის ფრთების აეროდინამიკური სექციებით“.

ინტერიერის შესახებ Genesis-ი ბევრს არაფერს ამბობს, მაგრამ შეგვიძლია დავინახოთ მაჩვენებელთა ციფრული დაფა და საინფორმაციო სისტემის ფართო ეკრანი, მოხდენილი კლიმატ-კონტროლი და ქრომის თხელი ხაზი, რომელიც სალონს გარშემო გასდევს. უხვად არის ვერცხლისფერი აქცენტები.

მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტული მოდელიც საკმაოდ კარგად გამოიყურება, მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს სპორტული პაკეტი. მას დამატებული აქვს მუქი ქრომის ცხაურა, შავი აქცენტები და უფრო აგრესიული წინა ბამპერი. პაკეტს მოჰყვება უფრო დიდი გამოსაბოლქვი მილები, ძარის ფერის დიფუზორი და შესწორებული სალონი სპორტული საჭითა და ნახშირბადის ბოჭკოს დეტალებით.

Genesis-ს ბევრი არაფერი უთქვამს სპეციფიკაციების შესახებ, მაგრამ ცნობილია, რომ GV70 დაშენებულია უკანა წამყვანი თვლების არქიტექტურაზე და აშშ-ში ხელიმისაწვდომი იქნება ორი სხვადასხვა ძრავით. საწყის დონეს ექნება 2.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავა სავარაუდოდ 300 ცხენის ძალით.

ქროსოვერი აღიჭურვება 3.5-ლიტრიანი V6 ორმაგი ტურბოძრავით. Genesis-ს მის სიმძლავრეზე არაფერი უთქვამს, მაგრამ ვიცით, რომ GV80-ში ის 375 ცხენის ძალას და 530 მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.

სავარაუდოდ, ძრავები მიერთებული იქნება რვასიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის, მაგრამ Genesis-ი აცხადებს, რომ GV70 აშშ-ში ხელმისაწვდომი იქნება უკანა და ოთხივე წამყვანი თვლის სისტემით. კანადაში ოთხივე წამყვანი თვალი იქნება სტანდარტი.

მძღოლებს შეეძლებათ აირჩიონ მართვის სხვადასხვა რეჟიმი — ეკო, კომფორტი, სპორტი და მორგებული. სპორტულ პაკეტს ექნება მართვის მეხუთე რეჟიმიც, სახელად sport plus.

გამომდინარე იქიდან, რომ GV70 მაღალი კლასის ქროსოვერია, აღჭურვილი იქნება მძღოლის დამხმარე სხვადასხვა სისტემით. გარდა წინიდან შეჯახების თავიდან აცილებისა და უხილავი ზონების შეჯახების თავიდან აცილების სისტემებისა, აქვს ავტომაგისტრალზე მართვის დამხმარე სისტემაც (Highway Driving Assist II).

ნახევრად ავტონომიური მართვის სისტემა ადაპტურ კრუიზ-კონტროლსა და ზოლში ცენტრირების ფუნქციას აერთიანებს. ავტომაგსიტრალზე მართვის დამხმარე მოიცავს ზოლის შეცვლის დამხმარე ფუნქციასაც, რომელიც მძღოლს საშუალებას აძლევს, მოხვევის სიგნალის გამოყენებით, მანქანას ზოლის შეცვლა უბრძანოს.

სხვა გამორჩეულ დამხმარე სისტემებს შორის არის ნავიგაციაზე დაფუძნებული ჭკვიანი კრუიზ-კონტროლი, რომელიც მოსახვევებში სიჩქარეს ავტომატურად ანელებს; და სიჩქარის ლიმიტის ჭკვიანი დამხმარე სისტემა. ეს უკანასკნელი უზურნველყოფს, რომ მანქანამ სიჩქარის ლიმიტს არ გადააჭარბოს და ძლიერ სასარგებლოა იმ ადგილებში სიარულისას, სადაც ბევრია სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი.

GV70-ს ექნება თითის ანაბეჭდის ამოცნობის სისტემა და უკანა მგზავრის გამაფრთხილებელი მოწინავე სისტემა, რომელიც რადარულ სენსორებს იყენებს და გაცილებით დახვეწილია, ვიდრე ტრადიციული ულტრაბგერითი სენსორები. Genesis-ის განცხადებით, ეს სისტემა იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუძლია დააფიქსიროს მცირე სუნთქვითი მოძრაობაც კი, რაც მძღოლს გამაფრთხილებელ ნიშანს მისცემს იმ შემთხვევაში, თუ იქ ჩაძინებული ბავშვი ადგილს დატოვებს.

2022 წლის Genesis GV70 აშშ-ის ბაზარზე მომავალ წელს გამოჩნდება და უფრო მეტი დეტალიც მაშინ გახდება ცნობილი.