ერთი კვირის წინ Kia-მ EV6 წარმოადგინა, მაგრამ არ დაუსახელებია არანაირი ტექნიკური მახასიათებელი. ამჯერად, მწარმოებელი GT-Line-ისა და ხაზის მოწინავე GT მოდელების ახალ ფოტოებსა და დეტალურ მახასიათებლებს გვთავაზობს. კომპანიის პირველი ელექტრომობილი შეიძლება ქროსოვერი იყოს, მაგრამ აქვს სპორტული მანქანებისთვის დამახასიათებელი ენერგია და მწარმოებლურობა.

EV6 GT იყენებს ორ ელექტროძრავას, რომლებსაც ჯამში 577 ცხენის ძალა და 740 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი აქვს. ოთხივე წამყვანი თვლის სისტემის მქონე ელექტრო ქროსოვერი 100 კმ/სთ სიჩქარეს მხოლოდ 3,5 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 260 კმ/სთ-ია.

მხოლოდ დიაპაზონის მოწინავე მოდელია აღჭურვილი ელექტრო თვითბლოკირებადი დიფერენციალით, რაც მანქანის მართვას უფრო მოხერხებულს ხდის ყველა სახის გზაზე. Kia ასევე გვთავაზობს უფრო პატარა, 58-კვტ/სთ ბატარეასაც, მაგრამ AWD GT ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად 77,4 კვტ/სთ ბატარეებით.

თუ მწარმოებლურობას ეფექტიანობა გირჩევნიათ, მაშინ უნდა აირჩიოთ უფრო დიდი ბატარეა ერთი ძრავითა და უკანა წამყვანი თვლების კონფიგურაციით, რომელიც ერთი დატენვით 510 კილომეტრს ფარავს.

ფლაგმანური GT მოდელის გარდა, Kia მომხმარებელს არჩევანის საშუალებას აძლევს უკანა და ოთხივე წამყვან თვლებს შორის, ისევე, როგორც ბატარეების მოცულობის თვალსაზრისით. ასევე სხვადასხვა კონფიგურაციებით არის ხელმისაწვდომი სპორტული დიზაინის GT-Line მოდელი; შესაბამისად, პოტენციურ მომხმარებელთა არეალი უფრო იზრდება.

უფრო დიდი ბატარეების მქონე RWD მოდელი 10-დან 80 პროცენტამდე მხოლოდ 18 წუთში იტენება, 100 კილომეტრის გავლისათვის საჭირო მუხტს კი ბატარეა 4,5 წუთში იღებს. დობილი მოდელის, Hyundai Ioniq 5-ის მსგავსად, Kia EV6-საც შეუძლია ენერგიის მიწოდება გარე მოწყობილობებისთვის; Kia-ს განცხადებით, მანქანას შეუძლია 24 საათის განმავლობაში ერთდროულად ამუშაოს 55-ინჩიანი ტელევიზორი და ჰაერის კონდიციონერი. გარდა ამისა, EV6-ს სხვა ელექტრომობილის ბატარეის დატენვაც შეუძლია.

მანქანა ეფუძნება E-GMP პლატფორმას და სიგრძეში 4,68 მეტრია, სიგანეში 1,88 მ, სიმაღლეში კი 1,55 მეტრი; თვლების ბაზის სიგრძე 2,9 მეტრია.

მანქანის საბარგულის მოცულობა 510 ლიტრია, უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 1300 ლიტრამდე იზრდება. ვინაიდან ელექტრომობილია, აქვს წინა საბარგულიც. ორბორბლიანი წამყვანის შემთხვევაში, მისი მოცულობა 52 ლიტრია, AWD-ში კი 20 ლიტრი.

ახალ EV6-ს Kia სამშობლოში, სამხრეთ კორეაში გამოუშვებს და ბაზარზე წლის მეორე ნახევარში გაიტანს. ზოგიერთ ბაზარზე ონლაინ დაჯავშნა უკვე დაიწყო.