2022 წლის Lexus NX მაღალი კლასის ქროსოვერის ახალი თაობაა, საკმაოდ დიდი ცვლილებებით. მათ შორის, ვეღარ ნახავთ არც ისე კარგ საინფორმაციო სისტემას, მის ნაცვლად დიდი სენსორული ეკრანი დაგხვდებათ, წარმოება 2021 წლის მესამე კვარტალში დაიწყება და ფასებიც იმ დროისთვის გახდება ცნობილი.

ექსტერიერის დიზაინი ამჟამინდელი Lexus NX-ის გაგრძელებაა. კვლავ ნახავთ ნაცნობ ცხაურას, მაგრამ განახლებული დიზაინის ფარებით, რომლებსაც აქვს წვეტიანი, ისრის ფორმის დღისით მოძრაობის ფარებიც. უკანა ნაწილზე ვეღარ ნახავთ ემბლემა „L“-ს, მის ნაცვლად იქ დაწერილია სიტყვა „LEXUS“-ი. მანქანის მთელ სიგანეზე ვრცელდება გაბარიტული ფარებიც.

მანქანა იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიას, რომელსაც კომპანია Lexus Interface-ს უწოდებს. წარმოდგენილია სტანდარტული, 9,8-ინჩიანი ეკრანით ან არჩევის შემთხვევაში 14-ინჩიანი დისპლეით. კლიმატკონტროლისა და აუდიოკონტროლისთვის არის ფიზიკური ღილაკებიც. სალონის სხვა ტექნოლოგიებს შორის არის მაღალი გარჩევადობის 7.0-ინჩიანი ეკრანი მაჩვენებელთა დაფაზე, არჩევის შემთხვევაში კი 10-ინჩიანი ამოსაშლელი ეკრანი.

სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი წინა სავარძლების გათბობა, არჩევის შემთხვევაში, ეს ფუნქცია უკანა სავარძლებსაც აქვს.

2022 წლის NX-ი ხელმისაწვდომია ოთხი სხვადასხვა ძალური აგრეგატით. საბაზისო ვერსიაა NX 250, რომელსაც 2.5-ლიტრიანი ატმოსფერული ჩაბერვის ოთხცილინდრიანი ძრავა აქვს 203 ცხენის ძალით. დაკავშირებულია რვასიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან და აქვს წინა ან ოთხივე წამყვანი თვლის სისტემის ვარიანტები. FWD ვერსიას 0-96 კმ/სთ განვითარებისთვის 8,6 წამი სჭირდება, AWD მოდელს კი 8,6 წამი.

NX 350 აღჭურვილია 2.4-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავა 275 ცხენის ძალით. ისიც რვასიჩქარიან ავტომატურ კოლოფს იყენებს და 0-96 კმ/სთ სიჩქარეს 6,8 წამში ავითარებს.

თუ ჰიბრიდი გირჩევნიათ, მაშინ თქვენთვის არის NX 350h, რომელსაც აქვს 2.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა და ელექტროძრავა თითოეულ ღერძთან. გამოიმუშავებს 239 ცხენის ძალას და 0-96 კმ/სთ სიჩქარეს 7,2 წამში ავითარებს. საწვავის მოხმარების მაჩვენებელი ლიტრზე 15 კმ-ია.

და ბოლოს, არის NX 450h+. სამწუხაროდ, Lexus-ი მისი ძალური აგრეგატის შესახებ სრულ დეტალებს ჯერ არ გვიმხელს. იყენებს იმავე 2.5-ლიტრიან ოთხცილინდრიან ძრავას, რომელსაც NX350h-ი. 0-96 კმ/სთ აჩქარების სავარაუდო მაჩვენებელი 6.0 წამია. მხოლოდ ელექტროძრავით მოდელი დაახლოებით 58 კმ-ს გაივლის.

NX 450h+-ს სტანდარტის სახით ექნება 3,3-კილოვატიანი დამტენი. ამ შემთხვევაში, 240-ვოლტიანი ელექტროენერგიით ქროსოვერის დატენვას 4,5 სთ დასჭირდება, 6,6-კილოვატიანი დამტენით კი 2,5 სთ.

NX 350-ისა და NX 450h+-ის შემთხვევაში ხელმისაწვდომია F Sport პაკეტი.

ახალ NX-ს აქვს დამხმარე ტექნოლოგიების სისტემა Lexus Safety System+ 3.0, რომელიც წინა ვერსიის ყველა მახასიათებელთან ერთად უკვე ახალ სისტემებსაც მოიცავს.