Porsche ტრადიციას არ ღალატობს და უკვე არსებული მოდელის შემადგენლობას ახალი კომპლექტაციის ხაზით აფართოებს — ქვეოჯახ 911 GT3-ის ახალი წევრი, 911 GT3 Touring-ი ემატება. ასეთ შემთხვევაში სხვა კომპანიებს შეიძლება უბრალოდ უკანა ფრთა მოკლებული ვერსია შეეთავაზებინათ, მაგრამ Porsche ფიქრობს, რომ ის საკუთარ სახელსაც იმსახურებს.

ჩვეულებრივი GT3-ისგან განსხვავდება დამალული, ავტომატურად გამოსაშლელი უკანა სპოილერით, რომელმაც ფიქსირებული, უზარმაზარი უკანა ფრთა ჩაანაცვლა; არის სხვა მცირე ცვლილებებიც, მაგალითად, ალუმინის კონტურები ფანჯრებზე, Touring ემბლემები, ფერადი წინა სპოილერი (ჩაბნელებულის ნაცვლად). სალონში ნახავთ ტყავის გადასაკრავებს.

სხვა ყველაფერი იგივეა, რაც ჩვეულებრივ GT3-ში, მათ შორის, 4.0-ლიტრიანი ატმოსფერული ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავა 503 ცხენის ძალით, რომელიც ან 6-სიჩქარიან მექანიკურ, ან შვიდსიჩქარიან PDK ავტომატურ კოლოფს უკავშირდება. მექანიკური Touring-ის წონა 1418 კგ-ია, ავტომატურის კი 1435 კგ.

იგივეა აჩქარების მაჩვენებლებიც. მექანიკური კოლოფის მქონე GT3 0-96 კმ/სთ-მდე 3,7 წამში ჩქარდება, ავტომატური კი 3,2 წამში. უცვლელია მაქსიმალური სიჩქარეც — მექანიკურ ვერსიაში 320 კმ/სთ, ავტომატურში 317 კმ/სთ.