Porsche Panamera-ს ხაზი იზრდება — კომპანიამ ახალი Platinum Edition-ი შექმნა, რომელიც აშშ-ში მომავალი წლის გაზაფხულზე გამოჩნდება.

Platinum Edition-ი ხელმისაწვდომი იქნება Panamera, Panamera 4 და Panamera 4 E-Hybrid მოდელებში და მისი მიზანია, საწყისი დონის მოდელი დიზაინის განახლებებითა და დამატებითი აღჭურვილობით გააუმჯობესოს.

ექსტერიერში შენიშნავთ პლატინისფერ აქცენტებს, ფანჯრის შავ ზონარებსა და შავ სპორტულ გამოსაბოლქვ მილებს. დიზაინერებმა დაუმატეს უნიკალური გაბარიტული ფარები და 21-ინჩიანი ექსკლუზიური დიზაინის სპორტული დისკები, რომლებიც ასევე პლატინისფერშია გადაწყვეტილი.

Platinum Edition-ის მდიდრულ სალონში დაგხვდებათ 14 სხვადასხვა კომბინაციით ელექტრონულად მორგებადი წინა სავარძლები გათბობითა და ვენტილაციით. გათბობა აქვ უკანა სავარძლებსაც. კლიმატ-კონტროლის სისტემა ოთხზონიანია.

ასევე აღსანიშნავია Bose-ს აუდიოსისტემა, რბილად დახურვადი კარები, მეექვსე თაობის საინფორმაციო სისტემა SiriusXM 360L-ით, Android Auto და wireless Apple CarPlay-ს თავსებადობით.

სხვა გამორჩეულ მახასიათებლებს შორის არის Adaptive Air საკიდარი Porsche Active Suspension Management-ით, Power Steering Plus სისტემა და მოძრაობის ზოლის შეცვლის დამხმარე სისტემა. მოდელს სტანდარტის სახით აქვს LED Matrix Design ფარები Porsche Dynamic Lighting System Plus-ით.

Panamera Platinum Edition-ის ფასი $101,900-დან დაიწყება, Panamera 4 Platinum Edition-ის კი $106,000-დან. ორივე მათგანს აქვს 2.9-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 ძრავა, რომელიც 325 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს Panamera 4 E-Hybrid Platinum Edition-იც, რომლის ფასიც $115,200-დან იწყება. მასაც ზემოთ ხსენებული ძრავა აქვს, მაგრამ ის პლაგინ ჰიბრიდ სისტემასთან არის შეწყვილებული, რომელიც მოიცავს ელექტროძრავას და 17 კვტ/სთ ლითიუმ-იონურ ბატარეებს. შედეგად, მისი სიმძლავრე 455 ცხენის ძალაა.