Porsche დიდ ერთგულებას იჩენს Taycan-ისადმი და 2022 წლის მოდელში რამდენიმე განახლებაც შეაქვს.
მათ შორის ყველაზე თვალშისაცემია ახალ ფერთა გამა.
მოდელი უკვე ხელმისაწვდომი იყო 17 სხვადასხვა ფერში, რასაც კიდევ 63 არჩევანი დაემატა. შეიძლება ითქვას, რომ კომპანია მომხმარებელს ნებისმიერ სასურველ ფერს შესთავაზებს.
სალონში ცვლილებები მოკრძალებულია, მაგრამ უახლეს Taycan-ს უკვე აქვს Android Auto ინტეგრაცია. გაუმჯობესებულია ხმოვანი დამხმარეც, რომელიც უკეთ იგებს ბრძანებებს; სანავიგაციო სისტემა ინფორმაციას უფრო სუფთად უჩვენებს და გზებსაც უფრო სწრაფად ეძებს. კომპანიის განცხადებით, ოდნავ გაუმჯობესდა მანქანის ოპერაციული სისტემაც, რომელშიც, ცენტრალური დისპლეის მარცხენა ნაწილში ამჟამად მენიუს ხუთი პარამეტრია სამის ნაცვლად და შესაძლებელია ხატულების ინდივიდუალურად დალაგებაც.
Taycan-ის აღჭურვა ახლა უკვე შესაძლებელია Remote Park Assist ტექნოლოგიითაც, რომელიც მანქანას თავად დაპარკნგების საშუალებას აძლევს ისე, რომ საჭირო არ არის მძღოლის საჭესთან ჯდომა.
როგორც Porsche განმარტავს, სისტემა ავტომატურად აფიქსირებს საპარკინგე სივრცეს და მას მანქანის ულტრაბგერითი სენსორებითა და კამერებით ზომავს. თუ სისტემა განსაზღვრავს, რომ ეს სივრცე საკმარისია, მძღოლს შეუძლია გადმოვიდეს, დააჭიროს ღილაკს Porsche Connect აპლიკაციაში და მანქანა თავად დაპარკინგდება.
ამ ყველაფრის გარდა, 2022 წლის Taycan-ი უფრო ეფექტიანი და ეკონომიურია, რასაც ადვილად შენიშნავს მძღოლი გავლილი მანძილის შესაბამისად. Porsche ჯერ არაფერს ამბობს, თუ რამდენით მეტ მანძილს უნდა ველოდოთ ერთი დამუხტვით, მაგრამ აღნიშნავს, რომ მოდელს აქვს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გაუმჯობესებები; მათ შორის არის თითქმის ცალკე მდგომი წინა ელექტროძრავა ყველა წამყვანი თვლის ვარიანტებზე, ოღონდ მხოლოდ Normal და Range მართვის რეჟიმებში. დაღმართზე ჩასვლისას მანქანა უკანა ელექტროძრავას თიშავს, მაგრამ ენერგიის საჭიროების შემთხვევაში, მილიწამებში რთავს.
გაუმჯობესებულია თერმული მენეჯმენტი და დამუხტვის ფუნქციებიც; Turbo Charging Planner-ი ბატარეას ოდნავ უფრო მაღალ ტემპერატურამდე ათბობს, რათა უფრო სწრაფად დაიმუხტოს.
Taycan-ისა და Taycan Cross Turismo-ს წარმოება 2022 წელს დაიწყება.