ახალი Range Rover-ი Jaguar Land Rover-ის ბრენდის ძლიერ მნიშვნელოვანი მანქანაა; მისი ონლაინ პრეზენტაციიდან მალევე, რამდენიმე ჟურნალისტს მისი ახლოდან მოსინჯვის საშუალება მიეცა.
გთავაზობთ Carfection-ის, Top Gear-ისა და Harry’s Garage-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებს, რომლებშიც წარმოჩენილია ის მთავარი საკვანძო ტექნიკური განახლებები, რომლებიც ამ მოდელს წინამორბედისგან გამოარჩევს.
ახალი Range Rover-ი ეფუძნება Land Rover-ის MLA-Flex არქიტექტურას, რომელიც ავტომწარმოებელს საშუალებას აძლევს, რომ მოდელი გამოუშვას შიგაწვის ძრავით, დატენვადი ჰიბრიდის სახით და სრულად ელექტრო ძალური აგრეგატით. ძარის ახალი სტრუქტურა 50 პროცენტით უფრო მტკიცეა, ვიდრე წინა მოდელი და 75 მილიმეტრით უფრო გრძელიც არის. მალე გამოჩნდება თვლების უფრო გრძელი ბაზის მქონე ვარიანტიც.
აშშ-ის ბაზარზე თავდაპირველად ექვს- და რვაცილინდრიანი ვერსიები გავა. საწყისი დონის მოდელს აქვს JLR’s P400 მაილდ ჰიბრიდი 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ტურბოძრავა 395 ცხენის ძალით. შემდეგია 4.4-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავა 523 ცხენის ძალით; სწორედ ეს ძრავა აქვს BMW X7 M50i-საც. ენერგიას ეს ძრავები რვასიჩქარიან ZF ავტომატურ გადაცემათა კოლოფს აწვდიან.
ევროპაში ახალი Range Rover-ი ხელმისაწვდომია 296 ცხენის ძალიანი D300 და 345 ცხენის ძალიანი D350 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავებითაც.
ასევე ხელმისაწვდომია ორი დატენვადი ჰიბრიდი (plug-in); ორივე მათგანი იყენებს Ingenium ექვსცილინდრიან ერთრიგა ძრავას, 38,2 კვტ/სთ ბატარეებს და 105-კილოვატიან ელექტროძრავას. საბაზისო დატენვადი ჰიბრიდის სახელია P440e და აქვს 434 ცხენის ძალა, უფრო მძლავრი მოდელი კი გახლავთ P510e, რომელსაც 503 ცხენის ძალა აქვს. სრულად ელექტრო ვერსია 2024 წლის მოდელის სახით გამოვა.