BMW ელექტრო 7-Series-ზე მუშაობს და მომავალი მოდელის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გამოცემა Car Magazine-ის ცნობით, i7 2023 წელს გამოვა და ექნება 100+ კვტ/სთ ბატარეების წყება, რომელიც, თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მანქანას ერთი დამუხტვით 483 კილომეტრს გაატარებს.

გამოცემის ცნობით, i7-ს ორი ელექტროძრავა ექნება, რომლებიც ჯამში 536 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ; წამყვანი იქნება ოთხივე თვალი. თუ ეს მართლაც ასეა, i7 დიდად გაუმჯობესებული არ იქნება i4-თან შედარებით, რომელსაც BMW-ს განცხადებით დაახლოებით 523 ცხენის ძალა ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია, i4 100 კმ/სთ სიჩქარეს დაახლოებით ოთხ წამში განავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ ექნება. თუ ზემოთ ხსენებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, უნდა ვივარაუდოთ, რომ დამატებითი წონიდან გამომდინარე, i7 ოდნავ უფრო ნელი იქნება, ვიდრე i4.

გარკვეულწილად საეჭვოა ინფორმაცია i7-ის ერთი დამუხტვით გარბენის მანძილის შესახებაც, რადგან i4-ს დაახლოებით 80 კვტ/სთ მოცულობის ბატარეები ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი 20 კვტ/სთ-ით ნაკლებია, i4 ერთი დამუხტვით 600 კილომეტრს გაივლის და ასეთი საგრძნობი სხვაობა შეიძლება აიხსნას i7-ის დამატებითი ზომებითა და წონით.

BMW-ს სრულად ელექტრო მაღალი კლასის სედანის გამოსვლამდე ჯერ დიდი დროა და რა თქმა უნდა, მისი მახასიათებლების შესახებ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია წარმოების ეტაპამდე შეიძლება დიდად შეიცვალოს.