როგორც იქნა, Audi RS4 Avant-სა და Mercedes-AMG C63 Estate-ს კონკურენტი გამოუჩნდა — BMW-მ პირველი M3 Touring-ი წარმოადგინა.

მაღალი პერფორმანსის ვაგონზე მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და დაფუძნებულია M3 Competition-ზე; აქვს 3.0-ლიტრიანი, ექვსცილინდრიანი ორმაგი ტურბოძრავა, რომელიც 503 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. დაკავშირებულია 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან, რომელიც ენერგიას სტანდარტულ M xDrive ოთხივე წამყვანი თვლის სისტემას უგზავნის. ასეთი სისტემის წყალობით, M3 Touring-ი 0-100 კმ/სთ სიჩქარეს დაძვრიდან 3,6 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად არის შეზღუდული და 280 კმ/სთ-ს შეადგენს.

მოდელი ასევე აღჭურვილია სპორტული საკიდრითა და Active M დიფერენციალით. 19- და 20-ინჩიანი დისკებს პერფორმანს საბურავები ამშვენებს და აქვს მძლავრი სამუხრუჭე სისტემა.

ამ ყველაფრის წყალობით, M3 Touring-მა ნიურბურგრინგის წრეზე გამოსვლა 7:35.060-ში შეძლო, რაც ვაგონებისთვის ახალი რეკორდია. თუ უფრო მეტი შთაბეჭდილება გსურთ, გეტყვით, რომ ეს ვაგონი უფრო სწრაფია, ვიდრე M5 Competition-ი და მეორე თაობის Acura / Honda NSX-ი.

ალბათ არც არის გასაკვირი, რომ მანქანის დანარჩენი ნაწილი M3-ისა და M4-ის კვალს მიუყვება. შედეგად, აქვს დიდი ცხაურა, აეროდინამიკური სარკეები, სპორტული ოთხმილიანი გამოსაბოლქვი სისტემა.

მანქანის ინტერიერს საფუძვლად უდევს 2023 M3-ის ინტერიერი; იქ ნახავთ გამრუდებულ დისპლეის, რომელიც მოიცავს მაჩვენებელთა 12.3-ინჩიან ციფრულ დაფას და 14.9-ინჩიან საინფორმაციო სისტემას. იქვეა Merino-ს ტყავის სპორტული სავარძლები და სპორტული საჭე.

ახალი M3 Touring-ი მხოლოდ ევროპისა და ავსტრალიის ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი.