Mercedes-Benz-ის ელექტრო ოჯახი ზრდას განაგრძობს და მას ამჯერად Mercedes-AMG EQE შეემატა. ელექტრო სედანის ეს ვერსია მიზნად ისახავს, რომ წარმადობაში შეესაბამებოდეს დიდ AMG EQS-ს, მაგრამ წარმოდგენილი იყოს EQE-ის პატარა ფორმებში.

AMG EQE53 აღჭურვილია ორი ელექტროძრავით, რომლებიც ჯამში 617 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ; Dynamic Plus კომპლექტაციის შემთხვევაში, სიმძლავრე 677 ცხენის ძალაა. სტანდარტული მოდელი 0-96 კმ/სთ სიჩქარეს 3,4 წამში ავითარებს, მეორე კომპლექტაცია კი 3,2 წამში. მაქსიმალური სიჩქარე შესაბამისად 220 და 240 კმ/სთ-ია. თვლებს ენერგიას ერთსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აწვდის. EQE43 მოდელი მხოლოდ ევროპაში იქნება ხელმისაწვდომი.

AMG-ის განცხადებით, განახლდა ძალური აგრეგატისა და გაგრილების სისტემები. ძრავები AMG-ექსკლუზიურია. სტანდარტულ EQE-ში წარმოდგენილია 90.6-kWh მოცულობის ლითიუმ-იონური ბატარეა, რომელიც მანქანას ერთი დამუხტვით 444-518 კმ-ს გაატარებს.

AMG EQE-ს სტანდარტის სახით აქვს პნევმატიკური საკიდარი. არჩევითია ნახშირბად-კერამიკული მუხრუჭები, რაც ნამდვილად კარგი იდეაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ელექტრო სედანი საკმაოდ მძიმეა, დაახლოებით 2,5 ტონა.

მოდელის მთავარი კონკურენტები იქნებიან Tesla Model 3 Performance, Tesla Model S და BMW i4 M50; სავარაუდოდ, ბაზარზე გარკვეულ პაექრობას გაუწევს Audi e-tron GT-ს და Porsche Taycan-საც.