Mercedes-AMG-მ ოფიციალურად შეაბიჯა ჰიბრიდულ ხანაში. მანქანამ, რომელსაც საზოგადოება დიდხანს ელოდა, დღის სინათლე იხილა — Mercedes-AMG GT 63 E Performance ავტომწარმოებლის ყველაზე მძლავრი საწარმოო მანქანაა ამ დროისათვის.
სუპერ სედანი აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავითა და უკანა ღერძთან განთავსებული ელექტროძრავით. ეს ძრავა დაკავშირებულია ელექტრონულად გადაცემულ ორსიჩქარიან ტრანსმისიასთან და ელექტრონულად კონტროლირებად უკანა თვითბლოკირებად დიფერენციალთან. საერთო ჯამში, GT 63 E Performance 831 ცხენის ძალას და 1400 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. მანქანას ასევე აქვს 14 ცხენის ძალის მქონე ღვედური გადაცემის სტარტერ-გენერატორი.
Mercedes-AMG-ის განცხადებით, 0-100 კმ/სთ სიჩქარეს მოდელი 2,9 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 316 კმ/სთ-ია. წვის მაჩვენებელი 8,6 ლიტრია 100 კმ-ზე.
ელექტროძრავას კვებავს 6,1 კვტ/სთ ბატარეები, რომელთა წონაც 89 კგ-ია. სრულად ელექტრო რეჟიმში მანქანა 12 კილომეტრს ფარავს.
ბატარეების წყება იყენებს მაღალტექნოლოგიურ გამაგრილებელს, არაგამტარ სითხეს, რომელიც 560-ვე უჯრედში გაედინება და მათ ინდივიდუალურად აგრილებს. დაახლოებით 14 ლიტრი გამაგრილებელი სითხე ბატარეებში მუდმივად მოძრაობს და მათ ოპტიმალურ ტემპერატურაზე, 45 გრადუს ცელსიუსზე ინარჩუნებს.
ხელმისაწვდომია AMG Dynamic Select-ის მართვის შვიდი რეჟიმი: ელექტრო, კომფორტი, სპორტი, სპორტ+, სარბოლო, მოლიპული და ინდივიდუალური.
Mercedes-AMG GT 63 E Performance-ის ყველა მოდელში სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი AMG Ride Control+ მრავალკამერიანი პნევმატური საკიდარი კონტროლისა და ადაპტაციის ავტომატური დონით, ასევე ელექტრონულად კონტროლირებადი მორგებადი ამორტიზაცია. მანქანა ასევე აღჭურვილია ნახშირბად-კერამიკის მუხრუჭებით.
მანქანამ მხოლოდ რამდენიმე ცვლილება განიცადა დიზაინის მხრივ. GT 63 4-Door-ისგან ყველაზე მეტად გამოარჩევს E Performance-ის ლოგოები და უკანა ბამპერის საფარი. გარდა ამისა, AMG-ს ასევე აქვს ახალი, 20- და 21-ინჩიანი ალუმინის დისკები.
მცირე ცვლილებებია სალონშიც, მათ შორის არის AMG-ის ჰიბრიდული სპეციფიკაციის დისპლეები და ფუნქციები — გრაფიკები საინფორმაციო დისპლეიზე, რომლებიც მართვის მთელ სისტემაში ენერგიის დინების ვიზუალიზაციას ახდენს. ენერგიის დინების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ უკანა სავარძლების მგზავრებიც.