Nissan-ი Pathfinder-ის ახალ ოფროუდ ვარიანტს აანონსებს, რომელიც 2023 წლის მოდელად გამოვა და Rock Creek ერქმევა. ახალი SUV-ის დებიუტი ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოშოუზე შედგება და ექნება ოდნავ უფრო მძლავრი ძრავა, გაძლიერებული საკიდარი და ოდნავი ვიზუალური ცვლილებები, რომლებიც მის უხეშ ბუნებას შეეფერება.
ახალი Pathfinder Rock Creek-ი გამოირჩევა შავში გადაწყვეტილი V-ის ფორმის ცხაურით, Rock Creek ემბლემით, სახურავის მილისებრი საბარგულით, რომელიც 100 კილოგრამამდე ტვირთს უძლებს და 18-ინჩიანი გადიდებული გამავლობის საბურავებით. მოდელი ხელმისაწვდომია ექვს სხვადასხვა ფერში და ორტონიან კომბინაციებში.
უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ახალი Pathfinder-ი აღჭურვილია ოფროუდზე მორგებული საკიდრით. Rock Creek-ი მიწისპირიდან ოდნავ უფრო მაღლაა აწეული, ვიდრე Pathfinder-ის ხაზის დანარჩენი წევრები.
3.5-ლიტრიანი V6 ძრავა 295 ცხენის ძალას გამოუმუშავებს, რაც ოდნავ მეტია სტანდარტული მოდელის 284 ცხენის ძალასთან შედარებით. Rock Creek-ი ექსკლუზიურად აღჭურვილია Nissan-ის ჭკვიანი AWD სისტემით და ცხრა-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.
სალონში ნახავთ ხელოვნური ტყავისა და ქსოვილის გადასაკრავების კომბინაციას, სავარძლებზე ამოქარგულ Rock Creek ემბლემას და გარშემო ნარინჯისფერ ნაქარგებს. სტანდარტული აღჭურვილობა მოიცავს ჭკვიან გარშემო ხედვის მონიტორს ოფროუდ რეჟიმით. მანქანა შვიდ-ადგილიანია.
ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოშოუ 15-დან 24 აპრილამდე გაგრძელდება.