2023 წლის Porsche 911 Sport Classic-ის სხვა სახელია 911 Turbo. მსოფლიოში მხოლოდ 1250 ეგზემპლარად გამოვა, Turbo-სთან საერთო აქვს ძრავა, მაგრამ არა ტრანსმისია.

ამჟამინდელ Turbo-ს კლასის 911-ს ექსკლუზიურად ოთხივე წამყვანი თვალი და 8-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს, მაგრამ 911 Sport Classic-ში ენერგია მხოლოდ უკანა თვლებს მიეწოდება მექანიკური კოლოფით. ვერაფერს იტყვი, კლასიკური მიდგომაა სპორტული მანქანისადმი.

3.7-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ორმაგი ტურბოჩაბერვის ერთრიგა ძრავა 7-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფთან არის დაკავშირებული. ძრავა 543 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 29 ცხენის ძალით უფრო ნაკლებს, ვიდრე Turbo.

აქვს ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა უკანა თვლების საჭით მართვა, განივი მდგრადობის აქტიური სტაბილიზატორი, Porsche Active Suspension Management (PASM) Sport ამორტიზატორები, რომლებიც მანქანის სიმაღლეს 0.4 ინჩით ამცირებს.

2009 წელს წარმოდგენილი 911 Sport Classic-ის მსგავსად, 2023 წლის Sport Classic-ს აქვს „იხვის კუდი“ უკანა სპოილერი და ორმაგი ამოზნექილობის სახურავის პანელი. კაპოტი და სახურავის პანელი ნახშირბადის ბოჭკოსგან არის დამზადებული.

Turbo-ს ძრავის მიუხედავად, Sport Classic-მა უარი თქვა 911 Turbo-სა და Turbo S-ის აქტიურ აეროდინამიკურ აღჭურვილობასა და გვერდითა ჰაერმიმღებებზე. Sport Classic-ი დამატებით ჰაერს ძრავაში უკანა სპოილერის ქვეშ დაყენებული მილაკებით მიმართავს.

ინტერიერის ცვლილებები თანხვედრაშია ექსტერიერის მოდიფიკაციებთან.

250 ეგზემპლარად გამოსული წინა 911 Sport Classic-ისგან განსხვავებით, რომლებიც აშშ-ს ფარგლებს გარეთ ბაზრებზე გაიყიდა, უხლეს მოდელის გარკვეულ ნაწილს Porsche მხოლოდ აშშ-ში გაყიდის. საწყისი ფასი ჯერ უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, ის 200 000 დოლარზე მეტი იქნება.

2023 Porsche 911 Sport Classic-ი სადილერო პუნქტებში წლის ბოლოს გამოჩნდება და ხელმისაწვდომი იქნება რუხ, შავ, მუქ რუხ და ლურჯ ფერებში; თითოეულ მათგანს ექნება რუხი ზოლები.