2024 წლის Hummer EV SUV-ის დებიუტის შემდეგ, GMC ამჯერად მის ფოტოებსა და დეტალებს აქვეყნებს.

SUV-ის სიგრძე 4,99 მეტრია, თვლების ბაზა კი 3,21 მეტრზე იშლება. ეს იმას ნიშნავს, რომ Hummer-ი ოდნავ უფრო გრძელია, ვიდრე Acadia.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ SUV-ი უფრო პატარაა, ვიდრე პიკაპი, რადგან 50,8 სანტიმეტრით მოკლეა და აქვს 22.6 სანტიმეტრით მოკლე მანძილი თვლებს შორის. GMC-ის განცხადებით, ამის გამო SUV-ი პიკაპზე უფრო მანევრირებადია და 10,8-მეტრიანი მოხვევის წრე 4 Wheel Steer სისტემის წყალობით, უფრო მჭიდროა, ვიდრე Ford Mustang Mach-E-ის.

სპეციფიკაციებიდან გამომდინარე, მოდელი ნამდვილი ოფროუდ „მხეცი“ იქნება, რადგან აქვს მოკლე განკიდები და 40,6-სანტიმეტრიანი კლირენსი (მანძილი გზის ზედაპირსა და მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველაზე დაბლა განლაგებულ ნაწილს შორის). გარდა ამისა, SUV-ის წინა განაკიდის კუთხე 49.6°-ია ((კუთხე ავტომანქანის წინა ნაწილის / ბამპერის უდაბლესი წერტილიდან წინა თვლის მიმართ მხებად გავლებულ ხაზსა და გზას შორის), უკანა განაკიდის კუთხე 49.0° ((კუთხე ავტომანქანის უკანა ნაწილის / ბამპერის უდაბლესი წერტილიდან უკანა თვლის მიმართ მხებად გავლებულ ხაზსა და გზას შორის) და რამპის კუთხე 34.4° (განსაზღვრავს გზის დახრილობის კუთხეს, რომლის გადალახვაც ავტომანქანას შეუძლია ძარის გზასთან შეხების გარეშე). მოდელს ასევე აქვს 33-სანტიმეტრიანი საკიდარი, წყალში გასვლის სიღრმე კი 81,3 სანტიმეტრია.

SUV-ი ასევე ხელმისაწვდომი იქნება CrabWalk და Extract რეჟიმებში. პირველი მათგანი Hummer-ს დიაგონალურად მართვის საშუალებას აძლევს, მეორე კი მანქანას ექსტრემალურ რელიეფზე 15,6 სანტიმეტრით უფრო მაღლა სწევს.

რაც შეეხება ოფროუდის საკითხს, ახალი აპლიკაცია myGMC მძღოლებს ცუდ გზაზე სიარულში ეხმარება და ინფორმაციას აწვდის გარბენის მანძილისა და ახლომდებარე დასატენი სადგურების შესახებ. გზების ჩამოტვირთვა შესაძლებელია მძღოლის სმარტფონში, რომელიც მას შემდეგ 13,4-ინჩიან საინფორმაციო სისტემაში გადაიტანს.

გარდა ამისა, SUV-ს ექნება ელექტროსადგურის ფუნქციაც, რომელიც Hummer-ს გიგანტურ ბატარეად აქცევს და 3 კილოვატამდე ენერგიის მიწოდება შეუძლია ისეთი მოწყობილობებისთვის, როგორებიც არის ტელევიზორები, ნათურები და ა. შ. შესაძლებელია სხვა ელექტრომობილების დამუხტვაც.

ელექტრომანქანების მფლობელებში საკმაოდ პოპულარულია ერთი პედლით მართვა და ამ ფუნქციას GMC ოფროუდში იყენებს, როდესაც მძღოლს უხეს რელიეფზე ნელი სვლისთვის მხოლოდ გაზის პედლის გამოყენება შეუძლია.

პიკაპი და SUV-ი ერთდროულად შექმნეს და შესაბამისად, დიზაინში მრავალი რამ საერთო აქვთ. თუმცა, SUV-ის უკანა ნაწილი უნიკალურია და აქვს საბარგულის ფართო კარი, რომელზეც სათადარიგო საბურავია დამაგრებული. უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში, საბარგულის მოცულობა 2316 ლიტრია. მოდელს დამატებითი შესანახი სივრცე აქვს საბარგულის იატაკის ქვეშაც.

Edition 1 რვა ფერში იქნება შემოთავაზებული.

SUV-ის უმეტეს ვერსიებს 20-მოდულიანი Ultium ბატარეები ექნება, რომელიც სრულად დამუხტვით მანქანას 483 კილომეტრს ატარებს. GMC დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მაღალი კომპლექტაციის ვარიანტებს ექნებათ 800-ვოლტიანი ტექნოლოგია და სწრაფი დამუხტვის ფუნქცია. შედეგად, მანქანა 161 კილომეტრის გავლისთვის საჭირო მუხტს 10 წუთში აიღებს.

2024 Hummer EV SUV-ზე ჯავშნების მიღება GMC უკვე დაიწყო; ყველა Edition 1 მალევე დაიჯავშნა. მოდელი ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდება და ფასი 105,595 დოლარიდან დაიწყება.