Toyota ადასტურებს, რომ გამოუშვებს ახალ ელექტრო SUV-ს, რომელიც Subaru-სთან ერთად შექმნილ ახალ ელექტრულ პლატფორმაზე დაფუძნებული პირველი მოდელი იქნება.

ამავე დროს, იაპონური ავტომწარმოებელი კიდევ ერთ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს სტილიზებული სილუეტი და მეტი დეტალი ახალი e-TNGA პლატფორმის შესახებ.

Toyota-ს ახალი ელექტრო SUV-ი RAV4-ის ზომის იქნება, მაგრამ სავარაუდოდ, ექნება უფრო გრძელი თვლების ბაზა და მოკლე შვერილები. ბაზარზე მსოფლიო მასშტაბით გავა და აეწყობა იაპონიაში, Toyota-ს ქარხანა ZEV-ში. კომპანია გვპირდება, რომ ახალი ელექტრომობილის საწარმოო ვერსიას უახლოეს თვეებში გვაჩვენებს.

Toyota-ს განცხადებით, ახალი, მოქნილი e-TNGA პლატფორმა გათვლილი იქნება როგორც მხოლოდ წინა ან უკანა, ასევე ოთხივე წამყვანი თვლის სისტემაზე. შესაძლებელი იქნება მრავალი სხვადასხვა ზომის ბატარეებისა და ელექტროძრავების ჩაყენება, რათა შეესაბამებოდეს სხვადასხვა სეგმენტის მოდელებს და პარალელურად, ინდივიდუალურ მოდელებსაც. ახალი SUV მოდელი პირველი იქნება იმ ექვსი ახალი ელექტრომობილიდან, რომლებიც ახალ არქიტექტურას გამოიყენებენ.

რაც შეეხება დანარჩენ მოდელებს, მათ შორის იქნება პატარა ქროსოვერი, მოზრდილი SUV-ი, სედანი და MPV. Toyota-ს ახალი ელექტრო SUV-ს ეყოლება Subaru „ძმაც“, რომლის პირველადი ვერსიაც უკვე ვიხილეთ და მას სავარაუდოდ Evoltis-ი ერქმევა.