BMW-მ 2021 წლის M4 Convertible კამუფლაჟებში მინიმალურად გახვეული დატესტა, მაგრამ ამჯერად, ვრცელდება საწარმოო მოდელის ფოტო, რომელიც თან ახლავს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში გაკეთებულ საპატენტო განაცხადს.
ფოტოები ფორუმ i4talk-ის ერთ-ერთმა წევრმა შენიშნა და როგორც გვიჩვენებს, კაბრიოლეტი მოდელი ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება კუპეს კვალს და აქვს საკმაოდ საკამათო ცხაურა ჰორიზონტალური ფირფიტებით. დიზაინერებმა ასევე ჩამოსწიეს ზედა სპორტული ბამპერი, გამოკვეთილი კაპოტი და გამოიყენეს ნაცნობი ფარები.
მიუხედავად იმისა, რომ წინა ნაწილი M4 Coupe-სგან არის აღებული, ბევრი ცვლილებაა წინა დგარს იქით. გარდა ასაკეცი რბილი სახურავისა, მოდელს ასევე აქვს ზემოთ მიმართული ვრცელი სარტყელი, რომელიც მანქანას გარშემო გასდევს.
უნიკალურია კაბრიოლეტის საბარგულიც; სპოილერზე ინტეგრირებულია მესამე სამუხრუჭე განათება. მოდელი კუპეს წააგავს ვიწრო გაბარიტული ფარებით, ოთხმილიანი გამოსაბოლქვი სისტემით და გამოკვეთილი დიფუზორით.
ენერგიას გამოიმუშავებს 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავა 473 ცხენის ძალით. კუპეს შემთხვევაში, მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს ავტომატური და მექანიკური გადაცემათა კოლოფები, ისევე როგორც უკანა ან ოთხივე წამყვანი თვალი; სავარაუდოდ, ეს კონფიგურაცია კაბრიოლეტშიც იქნება წარმოდგენილი.
M4 Convertible-ს შესახებ დამატებითი დეტალები მომავალ წელს, მისი წარდგენისას გახდება ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ, სტანდარტული მოდელი M4 Coupe-ზე ოდნავ ნელი იქნება, რომელიც 0-96 კმ/სთ სიჩქარეს 4,1 წამში ავითარებს.