Peugeot-მ ახალი ძალური აგრეგატი წარმოადგინა, რომელსაც ლე-მანის მომავალ ჰიპერქარში გამოიყენებს.
Peugeot Sport-ის ახალ სისტემას HYBRID4 500KW ეწოდა და მოიცავს 2.6-ლიტრიან ორმაგ ტურბოჩაბერვიან, შუაში განთავსებულ V6 ბენზინის ძრავას, რომელიც 680 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამას ემატება წინა ღერძთან განთავსებული ელექტროძრავაც, რომელსაც 900v ბატარეა კვებავს და დამატებით 272 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
მიუმატეთ ეს რიცხვები და 952 ცხენის ძალას მიიღებთ. თუმცა, ჰიპერქარების კლასში მოქმედი რეგულაციების მიხედვით, მაქსიმალური სიმძლავრე 680 ცხენის ძალას არ უნდა აჭარბებდეს. უმეტეს შემთხვევაში ძრავის ენერგია ჩახშული იქნება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბატარეა დაიცლება და ელექტროძრავა გაითიშება, მოქმედებაში მოვა ბენზინის ძრავა და სრულ 680 ცხენის ძალას აწარმოებს.
საინტერესოა, რომ ელექტროძრავა მხოლოდ პიტლაინზე იმუშავებს და ისიც მაქსიმუმ 120 კმ/სთ სიჩქარით. ამიტომ, დაბალი სიჩქარის მოსახვევებში მანქანა წამყვანად უკანა თვლებს გამოიყენებს, გრძელ, პირდაპირ მონაკვეთებსა და მაღალ სიჩქარეზე კი ოთხივე წამყვანი თვლის სისტემას ჩართავს. მას შემდეგ, რაც ბატარეა დაიცლება, გრძელი მონაკვეთების დასასრულთან შიგაწვის ძრავის წარმოება 700 ცხენის ძალამდე გაიზრდება და ამაში მას ელექტროძრავა დაეხმარება, რომელიც 15 კვტ/სთ გენერატორის სახით დაიწყებს ფუნქციონირებას.
რეგულაციების მიხედვით, Peugeot Sport-ის ლე-მანის ჰიპერქარს უნდა ჰქონდეს სენსორები, რომლებიც სიმძლავრის დონეს გააკონტროლებს.
ძალური აგრეგატის ტესტირება 2021 წლის პირველ ნახევარში დაიწყება.