ჯაშუშმა ფოტოგრაფებმა პირველი ფოტოები გადაუღეს მანქანას, რომელიც დიდი ალბათობით Audi A7 L უნდა იყოს.
მანქანა გერმანიაში, ტესტირებისას დააფიქსირეს; პროტოტიპს საკმაოდ ნაცნობი წინა ნაწილი აქვს, მაგრამ წინა დგარს იქით ყველაფერი ცოტა სხვანაირია.
მოდელს აქვს გაფართოებული თვლების ბაზა და უფრო გრძელი უკანა კარები. მართალია, ეს ცვლილებები არც ისე საინტერესოა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ მოდიფიკაციებმა A7-ის დიზაინი დაამახინჯა.
როგორც ფოტოზე ხედავთ, დამრეცი სახურავი უფრო სედანისას ჰგავს და მანქანის ბოლომდე აღარ მიედინება. რაც შეეხება უკანა ნაწილს, ის ძლიერ შეცვლილია და ტრადიციული საბარგული აქვს. ამის დადასტურება ჯერ შეუძლებელია, მაგრამ როგორც ფოტოგრაფი აღნიშნავს, A7-ში Sportback-ის დიზაინი სედანით შეიცვალა, რადგან… ჩინეთში სედანები უფრო პოპულარულია.
Audi მოდელის შესახებ ბევრს არაფერს გვიმხელს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, A7 შანხაის განახლებულ ქარხანაში აიგება; ამ ქარხნის გამტარუნარიანობა წელიწადში 60 000 მანქანაა. ამავე ცნობის მიხედვით, მოდელის წარმოება 2022 წლიდან დაიწყება და პირველი Audi იქნება, რომელსაც ჩინეთის სახელმწიფო საავტომობილო კომპანია SAIC Motor-ი გამოუშვებს.
მანანის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ, ექნება 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავა 187 ცხენის ძალით, მეორე ვერსიას კი 242 ცხენის ძალა. ძრავა მიერთებული იქნება შვიდსიჩქარიან S tronic გადაცემათა კოლოფთან, რომელიც ენერგიას წინა თვლებს უგზავნის.