Nissan-მა ახალი კონცეფცია GT-R (X) 2050 წარმოადგინა.
მანქანა, რომელსაც 2050 წლის GT-R უწოდეს, თავდაპირველად დიზაინერმა ჯაიბუმ ჩოიმ შექმნა, პასადენას დიზაინის კოლეჯში სწავლისას, საკუთარ თეზისზე მუშაობისას. Nissan Design America-ს წყალობით, სადაც ჩოი წლის დასაწყისში სტაჟირებას გადიოდა, ის ამჯერად სრულმასშტაბიან მოდელად გადაიქცა.
ალბათ შენიშნავთ, რომ GT-R (X) 2050 წარმოუდგენლად პატარაა, 2,9 მეტრი სიგრძეში, 1,5 მ სიგანეში და 65,7 სმ სიმაღლეში. ჩოის განცხადებით, ასეთი ზომების მიზეზი ის არის, რომ მან მანქანის ჩონჩხი გარეთ გამოიტანა, რაც ხალხს ძალიან მოსწონს.
შედეგად, მძღოლი მანქანაში მუცელზე წვება და კიდურებს X-ის ფორმაზე შლის. ჯდომის ასეთი უნიკალური პოზიცია GT-R (X) 2050-ის ერთადერთი საინტერესო მახასიათებელი როდი გახლავთ. მანქანა წარმოადგენს „ტარებად დანადგარს“, რომელიც მძღოლის თავის ტვინს ფუტურისტულ, მორგებადი ფორმის კოსტიუმთან და ჩაფხუტთან აერთებს. ტრადიციული მაკონტროლებლების ნაცვლად, მძღოლმა მხოლოდ უნდა გაიფიქროს რა სურს და მანქანაც აღასრულებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს მხოლოდ დიზაინის კონცეფციაა, GT-R (X) 2050-ის სპეციფიკაციები უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ უნდა იყოს მაღალი მწარმოებლურობის ელექტრომანქანა. გარდა ამისა, ასევე გათვალისწინებულია, რომ მანქანას 360 გრადუსით შემობრუნება შეეძლოს და ჰქონდეს აქტიური უკანა ფრთა, რომელიც შესვლა-გამოსვლისას გაიშლება და დაიკეცება.
Nissan Design America-ს ვიცე-პრეზიდენტის, დევიდ ვუდჰაუსის განცხადებით, კონცეფციის ავტორი, ჯაიბუმ ჩოი ძალიან ნიჭიერი, კრეატიული დიზაინერია და მისი იდეები მომავალი სუპერმანქანების შესახებ, რაც ტვინისა და მანქანის ინტეგრაციით მართვას გულისხმობს, ბრწყინვალედ ემთხვევა Nissan-ის მხედველობას.