16 თებერვალს Porsche ახალ 911 GT-ს წარმოადგენს, იქამდე კი კვლავ სილუეტის ფოტოს გვიჩვენებს; ამჯერად, სურათზე მანქანის უკანა ნაწილი ჩანს.

საკმაოდ ბნელი ფოტოს გაკაშკაშების შემდეგ, ჩვენ წინაშე ჩნდება დიზაინი, რომელიც ძალიან ჰგავს 911 GT3-ისას, რომელსაც ფარულად გადაღებული ფოტოებიდან ვიცნობთ. ჩანს, რომ ორივე მათგანს იდენტური უკანა დიდი ფრთა აქვს.

იდენტური ჩანს უკანა ბამპერის დიზაინიც და თუ მალულად გადაღებულ ფოტოებზე ცოტა ხნის წინ მართლაც 2021 წლის 911 GT3 ვიხილეთ, გამოდის, რომ 911 GT-საც ექვსფარფლიანი დიფუზორი აქვს; იქვეა ზუსტად შუაში ამოჭრილი ორი გამოსაბოლქვი მილი. უკანა ნაწილი ზოგადად უფრო აგრესიულია.

2021 წლის 911 GT3 ხელმისაწვდომი იქნება 4,0-ლიტრიანი ატმოსფერული ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავით. მისი სიმძლავრის შესახებ მწარმოებელი ჯერ არაფერს ამბობს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას 510-520 ცხენის ძალა ექნება. აღჭურვილი იქნება ექვსსიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისიით, მაგრამ მომხმარებლებს შეეძლებათ ორმაგი გადაბმულობის PDK გადაცემათა კოლოფის არჩევაც.