ალბათ აზრიანი იქნებოდა, რომ შემდეგი თაობის BMW 7-Series-სა და Audi A8 ერთმანეთის მსგავსი ძალური გადაცემის სისტემა ჰქონოდათ, მაგრამ როგორც ჩანს, ორი ავტომწარმოებელი მომავალს ცოტა სხვადასხვანაირად ხედავს.

შემდეგი BMW 7-Series-ს მთლიანად ელექტრო ტრანსმისია ექნება; კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის,ოლივერ ციპსის ცნობით, ასევე გამოვა plug-in ჰიბრიდის, ბენზინისა და დიზელის ვერსიებიც. ასე რომ, 7-Series კონკურენციას გაუწევს Tesla Model S-ს და Mercedes EQS-ს.

Autonews-ის ცმობით, სრულიად ელექტრო 7-Series-ის გამოსვლა 2022 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება, როდესაც მისი დებიური ჯერ ჩინეთში შედგება, შემდეგ კი ევროპაში.

მეორე მხრივ, როგორც ჩანს, Audi აღარ აპირებს, რომ შემდეგი თაობის A8 სრულიად ელექტრო იყოს. მანქანა plug-in ჰიბრიდი იქნება; ასევე გამოვა ბენზინისა და დიზელის ვერსიებიც.

კომპანიის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, ჰანს-იოახიმ როტენპილერის განცხადებით, ფართო განხილვების შემდეგ, ავტომწარმოებელმა გადაწყვეტილება ბატარეებზე მომუშავე A8-ს წინააღმდეგ მიიღო.

„სამაგიეროდ, ჩვენი plug-in ჰიბრიდის გარბენის მანძილი 47 კილომეტრამდე გავზარდეთ“, — ამბობს როტენპილერი.

მისივე თქმით, Audi ძალისხმევას სრულიად ელექტრო SUV-ებისკენ მიმართავს, რადგან დიდი სედანების გაყიდვებში ზრდა არ შეიმჩნევა.

Audi-ს ასეთი გადაწყვეტილება ფინანსური თვალსაზრისით სრულიად გამართლებულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ კომპანია ფოკუსირებას SUV-ებზე მოახდენს. გარდა ამისა, BMW-სგან განსხვავებით, Audi-მ უკვე წარმოადგინა ბატარეებზე მომუშავე მოზრდილი მოდელი e-tron GT-ის სახით.

ამავე დროს, ეს არც პირველი შემთხვევაა, როდესაც ორ ავტომწარმოებელს ფლაგმანური მოდელების ძრავებთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი შეხედულება აქვთ.