ბრიტანული ორგანიზაცია IAM RoadSmart-ის დაკვეთით ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ავტომაგისტრალებზე მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, მანქანის საინფორმაციო-გასართობი სისტემა მძღოლის რეაქციის დროს საკმაოდ ანელებს და გაჩერების მანძილს 5-6 მანქანის სიგრძით ზრდის.

კვლევამ, რომლის ნახვაც ამ ბმულზე შეგიძლიათ, ასევე დაადგინა, რომ საინფორმაციო-გასართობი სისტემის გამოყენებისას, მძღოლი გზას თვალს აცილებს თითქმის 16 წამის განმავლობაში, რაც 112 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას 500 მეტრის ეკვივალენტია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მანქანის მართვისას Apple CarPlay-თი და Android Auto-თი გართობა უფრო სახიფათოა, ვიდრე სმარტფონით მესიჯობა.

„ევროპაში ყოველწლიურად მომხდარ ავტოსაგზაო ინციდენტთა დაახლოებით მესამედი გამოწვეულია მძღოლის მიერ გზიდან ყურადღების გადატანით. მართალია, წინა კვლევები მიუთითებდა, რომ Apple CarPlay და Android Auto ამ მხრივ უკეთესია, ვიდრე უფრო ტრადიციული ღილაკები და საკონტროლო საშუალებები, ამ კვლევის შედეგები სერიოზულ შეშფოთებას წარმოშობს მანქანების უახლესი საინფორმაციო-გასართობი სისტემების შექმნისა და გამოყენების ირგვლივ. ნებისმიერი რა, რასაც მძღოლის თვალი ან გონება გზიდან გადააქვს, ძალიან ცუდია უსაფრთხოებისთვის“, — ამბობს IAM RoadSmart-ის კვლევების დირექტორი ნილ გრეგი.

კვლევის ფარგლებში, რომელიც ორგანიზაცია TRL-მა (Transport Research Labratory) ჩაატარა, მძღოლები ასრულებდნენ სამ სვლას ერთსა და იმავე სიმულირებულ სატესტო გზაზე, რათა შეფასებულიყო მოძრაობისას Apple CarPlay-სა და Android Auto-ს გამოყენების გავლენა. პირველი სვლისას მძღოლები სისტემასთან საერთოდ არ ურთიერთობდნენ, მაგრამ შემდეგი ორი სვლისას იწყებდნენ ხმის კონტროლისა და შეხების ფუნქციების გამოყენებას.

აღმოჩნდა, რომ ორივე მეთოდს მძღოლის ყურადღება მნიშვნელოვნად გადაჰქონდა, მაგრამ გაცილებით სახიფათო აღმოჩნდა შეხებით კონტროლი. მაგალითად, დადგინდა, რომ რეაქცია 50 პროცენტით უფრო ნელი იყო, როდესაც მძღოლი ამ ორიდან ნებისმიერ სისტემას თითებით იყენებდა.

აღსანიშნავია, რომ მძღოლის რეაქციის დრო უფრო ნელი იყო Spotify-ზე მუსიკის არჩევისას, ვიდრე მართვის დროს მესიჯობისას (ამ უკანასკნელის შედეგი აღებულია წინა კვლევებიდან). გარდა ამისა, ორივე სისტემა შეხებით გამოყენებისას მძღოლს აიძულებს დაახლოებით 12 წამით მოსწყვიტოს თვალი გზას, მძღოლებს კი ამ დროს შეცდომით ჰგონიათ, რომ ამისათვის მათ მხოლოდ ხუთი წამი დახარჯეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, თუ მაინც გსურთ მართვის დროს მანქანის საინფორმაციო-გასართობ სისტემასთან ურთიერთობა, გააკეთეთ ეს ხმოვანი ბრძანებებით და არა შეხებით. ყველაზე იდეალური კი იქნება, ყველაფერი, რაც ამ სისტემისგან გჭირდებათ, წინასწარ დააყენოთ, მანქანის დაძვრამდე.