ახალი მანქანის სუნი ალბათ ხშირად შეგიგრძვნიათ და მოგწონებიათ კიდეც. თქვენს მანქანაში არსებული ქსოვილების, პლასტმასებისა და წებოების ქიმიურ შემადგენელ ქიმიურ ნივთიერებათა ნაზავის სუნი იმდენად ნაცნობია, რომ სპეციალური სუნამოებიც კი არსებობს, რათა ეს სუნი თქვენს ძველ მანქანაშიც დააბრუნოთ. თუმცა, ახალი კვლევა საკმაოდ კარგ მიზეზს გვთავაზობს, თუ რატომ არ უნდა გვსურდეს ამ სახელგანთქმულ სურნელთან ურთიერთობა.
ის, რასაც ჩვენ ახალი მანქანის სუნს ვუწოდებთ, სინამდვილეში ე. წ. დეგაზაციის შედეგია. დროთა განმავლობაში, მანქანის სალონის შემადგენელი ნაწილებში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები ამ პროცესის შედეგად ჰაერში გამოიყოფა და სწორედ ამას ვუწოდებთ ჩვენ ახალი მანქანის სუნს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რათა შეეფასებინათ, რა წერტილს იქით ხდება ადამიანისთვის საშიში ამ კანცეროგენებთან (ნივთიერება, რომელიც კიბოს იწვევს) ურთიერთქმედება. მგზავრის მიერ მანქანაში გატარებულ დროსა და წინა კვლევებისას მანქანებში დაფიქსირებულ გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ამ ქიმიურ ნივთიერებბთან, ძირითადად ბენზოლთან და ფორმალდეჰიდთან ურთიერთობა ჯანმრთელობისათვის დასაშვებ უსაფრთხო დონეს 20 წუთის შემდეგ აჭარბებს; შესაბამისად, ალბათობა უფრო მეტია მანქანაში გატარებულ უფრო დიდი დროში.
ორივე ქიმიური ნივთიერება, ბენზოლიც და ფორმალდეჰიდიც, აღიარებული კანცეროგენია.
თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე ნივთიერება კანცეროგენად არის მიჩნეული, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ის თქვენს ჯანმრთელობას დააზიანებს; ეს დამოკიდებულია რაოდენობაზე და მისი ზემოქმედების სიხშირეზე.
მიუხედავად ამისა, რჩება კითხვა: რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ კანცეროგენების, ანუ კიბოს გამომწვევი ნივთიერებების ზემოქმედების საფრთხეები შევამციროთ? მკვლევართა განცხადებით, ეს უკვე ავტოინდუსტრიაზეა დამოკიდებული, რომლებმაც მანქანის სალონის დეტალები აუცილებლად უნდა დაამზადონ ნაკლებად მავნე ქიმიური ნივთიერებებისგან.