Ford-ის ევროპის დანაყოფის ახალ გეგმას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მისი კომერციული მანქანების პორტფოლიოს სრული ელექტრიფიკაცია მოხდება, ანუ, 2024 წლისთვის ყველა მოდელი დატენვადი ჰიბრიდი ან სრულად ელექტრო იქნება. ამავე დროს, უკვე დადასტურდა, რომ შემდეგი თაობის Ranger-ი გარკვეულწილად ელექტრიფიცირებული იქნება; გამოცემა Car Expert-ის ცნობით, საშუალო ზომის პიკაპი დატენვადი ჰიბრიდი (PHEV) იქნება.

დატენვადი ჰიბრიდის სისტემა კომპანიას საწარმოო მოდელში აქამდე არ გამოუყენებია; გავრცელებული ინფორმაციით, ახალ Ranger-ს 2.3-ლიტრიანი ბენზინის ტურბოძრავა და ელექტროძრავა ექნება. სავარაუდოდ, მანქანა 362 ცხენის ძალას და 680 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.

თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, გამოდის, რომ 2023 წლის Ranger PHEV-ი გაცილებით მძლავრი იქნება, ვიდრე ამჟამინდელი Raptor ვერსია, რომელსაც 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავა აქვს 210 ცხენის ძალითა და 500 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტით.

სავარაუდოდ, ამავე PHEV ძალურ აგრეგატს გამოიყენებს Ranger-ის ექვივალენტი SUV ვერსია, სახელად Everest-ი. თუ ამავე ცნობებს დავუჯერებთ, საწვავის ხარჯი ორივე მოდელის შემთხვევაში 100 კმ-ზე 3 ლიტრი იქნება.