Hyundai-მ ახალი Ioniq 5 წარმოადგინა, ავტომწარმოებლის ახალი, ელექტრო, კომპაქტური ქროსოვერი და პირველი მოდელი ელექტრო ქვებრენდ Ioniq-ში.
ახალი Hyundai Ioniq 5 ეფუძნება ახალ ელექტრო-გლობალურ მოდულარულ პლატფორმას (E-GMP), რომელიც ერთმანეთს ურწყამს ტრადიციულ სკეიტბორდის დიზაინსა და წაგრძელებულ თვლების ბაზას, რათა ელექტრომობილები უფრო პრაქტიკული იყოს და მიმზიდველი დიზაინი ჰქონდეთ.
ახალი პლატფორმის წყალობით, Hyundai-ს ახალ ელექტრო ქროსოვერს ასევე აქვს 400- და 800-ვოლტიანი დამუხტვის ფუნქცია. 350-კილოვატიან სატენზე მიერთებისას, მანქანა 10-დან 80 პროცენტამდე 18 წუთში იტენება; ავტომწარმოებლის განცხადებით, 5 წუთში მანქანა 100 კილომეტრის დაფარვისთვის საკმარის მუხტს იღებს.
ახალი Ioniq 5 ხელმისაწვდომი იქნება ორი სხვადასხვა ზომის ბატარეებით — 58 კვტ/სთ და 72.6 კვტ/სთ, ისევე როგორც ერთ და ორძრავიანი განლაგებით. ყველაზე მძლავრ მოდელს ორი ძრავი აქვს 72.6 კვტ/სთ ბატარეებით — ჯამში 302 ცხენის ძალითა და 605 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტით; 0-100 კმ/სთ სიჩქარეს მანქანა 5,2 წამში ავითარებს.
თუ გსურთ, რომ თქვენმა ახალმა Hyundai Ioniq 5-მა ერთი დატენვით უფრო მეტი მანძილი გაიაროს, მაშინ უნდა აირჩიოთ ერთძრავიანი მოდელი 72.6 კვტ/სთ ბატარეით — ეს მოდელი ერთი დამუხტვით 470-480 კილომეტრს ფარავს და აქვს 214 ცხენის ძალა.
საწყისი დონის ერთძრავიან Ioniq 5-ს 58 კვტ/სთ ბატარეა აქვს, წამყვანი თვლები უკანაა და ძრავა 167 ცხენის ძალას გამოიმუშავებს; 0-100 კმ/სთ სიჩქარეს მანქანა 8,5 წამში ავითარებს.
ახალ Hyundai Ioniq 5-ს აქვს 3-მეტრიანი თვლების ბაზა, მანქანის სიგრძე 4,635 მეტრია, სიგანე კი 1,890 მეტრი. შედეგად, ის უფრო გრძელი და განიერია, ვიდრე Tucson-ი.
ექსტერიერის უნიკალური დიზაინი საკმაოდ ჰგავს 45 concept-ისას. Hyundai ამას „პარამეტრული დინამიკის“ დიზაინის ენას უწოდებს. აქვს საკმაოდ მკვეთრი ზედაპირი, ნიჟარის მსგავსი კაპოტი, ჩამალული კარის სახელურები და პიქსელის მსგავსი პატარა ფარების კლასტერი როგორც წინ, ისე უკან. ახალი აეროოპტიმიზებული დისკების დიამეტრი 20 ინჩია.
გამორჩეულია სალონიც, რომლის თემაც „საცხოვრებელი სივრცეა“; ნახავთ სრულიად ბრტყელ ძირს, ინტერიერის დეტალების უმეტესობა, მათ შორის სავარძლები, ჭერის გადასაკრავი, ხელის დასადები ბარი კი დამზადებულია გარემოსადმი მეგობრული მასალებით. ეს მასალები დიდწილად წარმოადგენს გადამუშავებულ პოლიეთილენის ბოთლებს, მცენარეულ ძაფებს, ეკოლოგიურად დამზადებულ ტყავსა და მცენარეულ ბიო საღებავებს.
წინა სავარძლები ელექტრონულად მორგებადია. გამორჩეულია ცენტრალური კონსოლი, რომელიც შესაძლებელია 140 მილიმეტრით უკან გაცურდეს.
ხელსაწყოთა პანელზე განთავსებულია ორი ეკრანი, მათ შორის არის 12-ინჩიანი მაჩვენებელთა დაფა და საინფორმაციო სისტემის 12-ინჩიანი სენსორული დისპლეი. გარდა ამისა, ასევე ნახავთ დამატებითი რეალობის აწეულ დისპლეის მძღოლისთვის.
2022 წლის Hyundai Ioniq 5 აღჭურვილია კიდევ ერთი ინოვაციით — V2L ფუნქციით, რომელიც მფლობელს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობათა დატენვის საშუალებას აძლევს; უკანა სავარძლიდან გამომავალი პორტით შესაძლებელია ელექტრო ბაიკების, სკუტერებისა და კემპინგის სხვადასხვა მოწყობილობათა დატენვა. მეორე პორტი მოთავსებულია გარეთ, დამტენ პორტთან. V2L ფუნქცია მფლობელს 3,6 კვტ/სთ-მდე ენერგიით უზრუნველყოფს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი Ioniq 5 სავსეა უახლესი SmartSense აქტიური უსაფრთხოების სისტემებით; მათ შორის არის ავტომაგისტრალზე მოძრაობის დამხმარე 2, წინიდან შეჯახების აცილების სისტემა (FCA), უხილავი ზონების შეჯახების თავიდან აცილების სისტემა (BCA), სიჩქარის ლიმიტის ჭკვიანი დამხმარე (ISLA), მძღოლის ყურადღების გამაფრთხილებელი (DAW), შორი განათების დამხმარე (HBA) და ა. შ.
2022 წლის Hyundai Ioniq 5 ევროპის ბაზარზე მიმდინარე წლის შუა თვეებში გამოჩნდება, ამერიკაში კი შემოდგომით.