აღარც გამოტოვებული გადართვები, აღარც ძრავის გადატვირთვა, აღარც ხრახნების ცვეთა და პედლებითა და სიჩქარეების გადართვით თავგზის აბნება. არავითარი მსგავსი. უბრალოდ დააჭირე გაზს და წადი.

ეს კი ავტომატური გადაცემათა კოლოფის წყალობით მოხერხდა. ადრეულ ავტომობილებს მხოლოდ მექანიკური გადაცემათა კოლოფი ჰქონდა, რომელიც დღევანდელი მექანიკური კოლოფების პრინციპით მუშაობდა. ამ მანქანებს ჰქონდათ წინსვლის ორი და უკუსვლის ერთი სიჩქარე, რაც ძრავასთან პედლების მთელი სერიით იყო დაკავშირებული. თუმცა, რაც უფრო გაიზარდა მანქანები ზომაში და გზებზე მოძრაობაც გადაიტვირთა, ინჟინრებმა დაიწყეს ისეთი გზის ძებნა, რომლითაც მანქანა ერთი სიჩქარიდან მეორეში ავტომატურად გადაირთვებოდა. თანამედროვე ავტომატურ ტრანსმისიის დახვეწაზე დიზაინერებმა ათწლეულები დახარჯეს.

წარმოგიდგენთ ავტომატური გადაცემათა კოლოფის შექმნისა და დახვეწის მოკლე ისტორიას.

პირველი ავტომატური გადაცემათა კოლოფი

ავტომატურ გადაცემათა პირველი კოლოფი 1921 წელს კანადელმა ორთქლის ინჟინერმა, ალფრენდ ჰორნერ მურნომ გამოიგონა. ამ მოწყობილობაში მურნო ჰიდრავლიკური სითხის ნაცვლად შეკუმშულ ჰაერს იყენებდა, შესაბამისად, არ იყო ძლიერი და კომერციულადაც არასოდეს გაყიდულა. 1930-იან წლებში, General Motors-მა პირველი ავტომატური გადაცემათა კოლოფი შექმნა, რომელიც ჰიდრავლიკურ სითხეს იყენებდა; 1940 წელს კომპანიამ წარმოადგინა კოლოფი, სახელად Hydra-Matic-ი.

1948 წლის Oldsmobile პირველი მოდელი იყო, რომელიც ნამდვილ ავტომატურ გადაცემათა კოლოფს იყენებდა. Hyrda-Matic-ი, რომელიც General Motors-ის ინჟინერმა ეარლ თომპსონმა შექმნა, რეკლამირდებოდა, როგორც „უდიდესი მიღწევა ავტომატური სტარტერის შემდეგ“.

Hyrda-Matic-მა 1955 წლამდე მრავალი განახლება განიხადა და დიდად დაიხვეწა, მაგრამ საფუძველი მაინც იგივე რჩებოდა. 1956 წელს General Motors-მა Hyrda-Matic-ი ჩაანაცვლა Jetaway-თი. თუმცა, მან დიდი წარმატება ვერ მოიპოვა და 1969 წელს ადგილი დაუთმო Turbo-Hydramatic-ს.

Hydra-Matic კოლოფი

თავდაპირველი Hydra-Matic ტრანსმისია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია იყო ავტომობილის ისტორიაში. მართალია, ის პირველი ავტომატური გადაცემათა კოლოფი არ იყო, მაგრამ გახლდათ პირველი, რომელიც რეალურად მუშაობდა და მისმა კომერციულმა წარმატებამ გზა მოუმზადა ყოველ შემდეგ ავტომატურ კოლოფს.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგია დროში დაემთხვა ჩრდილოეთ ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების შემდეგ დაწყებულ ტექნოლოგიურ ბუმს. სიმარტივისა და ადვილად მოხმარების გამო, ავტომატურმა გადაცემათა კოლოფმა ავტომობილები უფრო მასობრივი გახადა, რაც კარგად ასრულებდა პრეზიდენტ ჰუვერის მიერ რამდენიმე წლით ადრე დადებულ პირობას, რომ „ყოველი ამერიკელის გარაჟში უნდა ყოფილიყო მანქანა და თეფშზე ქათამი“.

ავტომატური გადაცემათა კოლოფის დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილება-გაუმჯობესებებს შორის ამ დროისათვის არის წინსვლის სიჩქარეთა რაოდენობა და მექანიკური კონტროლიდან ელექტრონულად კონტროლირებად ტრანსმისიაზე გადასვლა. მექანიკურად კონტროლირებადმა ტრანსმისიებმა სამომავლო გაუმჯობესებათა ლიმიტი უკვე ამოწურა, ელექტრონულად (კომპიუტერით) კონტროლირებადი კოლოფები კი ჯერ მხოლოდ შესაძლებლობათა დასაწყისშია.