აშშ-ის საპატენტო ოფისი ახალ პატენტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ General Motors-ი მანქანებში მგზავრის ფეხების მასაჟის ფუნქციის დამატებით არის დაინტერესებული.

პატენტში ჩანს, რომ მგზავრის განყოფილებაში, მანქანის ძირზე მოთავსებულ გასაბერ ბალიშებს მგზავრისთვის ფეხის მასაჟის გაკეთება შეუძლია.

ამავე პრინციპით მოქმედებს მასაჟორი სკამების უმეტესობა და შესაბამისად, ეს ტექნოლოგია ახალი არ არის. არც მანქანებში ჩამონტაჟებული ფეხის მასაჟორებია ახალი.

ამ ფუნქციას მომხმარებელს უკვე სთავაზობს Audi-ს დიდი სედანი A8. თუმცა, ეს ფუნქცია მოითხოვს, რომ უკანა მგზავრმა ფეხები აწიოს და წინა მგზავრის სავარძელზე მიმაგრებულ საბჯენზე შეაწყოს.

პატარა მანქანებში ამ ფუნქციის გამოყენება შეუძლებელი იქნებოდა ზომებიდან გამომდინარე. Audi-ს სისტემისგან განსხვავებით, რომელიც ფეხის მასაჟს მხოლოდ უკანა მგზავრებს სთავაზობს, GM-ის სისტემის მოთავსება ყველგან არის შესაძლებელი.

გარდა ამისა, Audi-ს მასაჟორი სისტემის გამოყენებისთვის საჭიროა, რომ მგზავრმა ფეხზე გაიხადოს.