BMW-ს აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ციპსე Tesla-ს საკმაოდ თამამ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, კომპანია წლიური გაყიდვების საშუალოდ 50-პროცენტიან ზრდას ვარაუდობს. ციპსეს ეეჭვება, რომ Tesla-ს ელექტრომობილების ბაზარზე საკუთარ პოზიციას შეინარჩუნებს.

„Tesla-სთვის ამ სიჩქარით გაგრძელება ადვილი არ იქნება, რადგან დანარჩენი ინდუსტრია წინ დიდად მიიწევს“, — უთხრა ციპსემ Bloomberg-ს.

2020 წელს Tesla-მ თითქმის 500 000 ატომობილი გაყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. ელექტრომობილთა ბაზარზე სულ უფრო და უფრო მეტი ავტომწარმოებელი იმკვიდრებს ადგილს. ამ სეგმენტზე აქტიური ფოკუსირება უკვე დაწყებული აქვთ Volkswagen-ს, GM-ს, Ford-ს, Mercedes-სა და BMW-ს და შესაბამისად, ეჭვგარეშეა, რომ Tesla-ს მომავალში უფრო დიდ კონკურენციაში მოუწევს ბრძოლა.

მიუხედავად ამისა, არსებობს რეალური მიზეზი იმისა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში Tesla-ს გაყიდვები გაიზრდება. კომპანია უკვე შევიდა ჩინეთში და წლის ბოლოს შევა ინდოეთშიც; ამავე დროს, 2022 წლისთვის გეგმავს 25 000 დოლარიანი ელექტრომანქანის გამოშვებასაც. ამ ყველაფრის ფონზე, ზრდის პოტენციალი Tesla-ს ნამდვილად აქვს.