მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ 2030 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილების მწარმოებელი იქნება, Volvo-მ ახალი C40 Recharge წარმოადგინა — სრულად ელექტრო კუპე-SUV მოდელი, რომლის ყიდვაც ექსკლუზიურად მხოლოდ ონლაინ იქნება შესაძლებელი.

ახალი Volvo C40 Recharge დაფუძნებულია იმავე CMA პლატფორმაზე, რომელსაც XC40 Recharge-იც იყენებს, მაგრამ ის კომპანიის პირველი მოდელია, რომელიც პირწმინდად ელექტროდ დააპროექტეს.

ელექტრო Volvo C40 Recharge-ს დიზაინის უჩვეულო დეტალები გადმოღებული აქვს კუპე SUV მოდელებისგან, მათ შორის არის დაბალი, დამრეცი სახურავიც. სხვა მახასიათებელთა შორისაა დიზაინშეცვილი ბამპერის საფარი ახალი ფარებით, რომლებიც იყენებს მოწინავე პიქსელურ ტექნოლოგიას.

ენერგიას გამოიმუშავებს ორი ძრავა, რომელთაგან ერთი უკანა ხიდის წინ არის განთავსებული, მეორე კი უკან. ჯამში მათი სიმძლავრე 402 ცხენის ძალა და 600 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტია. მანქანა აღჭურვილია 78 კილოვატ-საათიანი ბატარეებით და ერთი დამუხტვით დაახლოებით 420 კილომეტრს ფარავს.

გარდა ამისა, ახალ Volvo C40 Recharge-ს ექნება სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიაც — ბატარეის 80 პროცენტი დაახლოებით 40 წუთში დაიტენება. სისტემა მიიღებს პროგრამულ განახლებებსაც, რამაც შეიძლება, გარბენის მანძილი კიდევ უფრო გააუმჯობესოს.

„C40 Recharge წარმოადგენს მომავლის Volvo-ს და ასახავს იმას, თუ საით მივდივართ. ის სრულად ელექტროა, ყიდვა მხოლოდ ონლაინ შეგიძლიათ და სწრაფადაც ჩაგბარდებათ. ახალი Volvo-ს ყიდვა ასე მიმზიდველი არასოდეს ყოფილა“, — ამბობს კომპანიის უფროსი ტექნოლოგიური ოფიცერი ჰენრიკ გრინი.

XC40 Recharge-ის მსგავსად, ახალ Volvo C40-ს აქვს ანდროიდზე დაფუძნებული საინფორმაციო სისტემა, რომელიც მან Google-თან ერთად შექმნა და მომხმარებელს სთავაზობს Google-ის ჩაშენებულ სერვისებს — Google Maps-ს, Google Assistant-ს და Google Play Store-ს. ახალ მოდელში მონაცემთა დაკავშირებადობა შეუზღუდავია და წარმოადგენს პირველ Volvo-ს, რომელშიც ტყავს ვერსად ნახავთ.

ახალი Volvo C40 Recharge-ის წარმოება შემოდგომაზე, XC40 EV-თან ერთა დაიწყება ბელგიის ქალაქ გენტში მდებარე ქარხანაში.