ახალი დიზაინების გამო, BMW-ს კრიტიკის დიდი ქარცეცხლი დაატყდა, განსაკუთრებით კი ცხაურებისათვის. თუმცა, ახალ განცხადებაში კომპანიამ ისიც აღნიშნა, რომ მასიურ, თირკმლის ფორმის ცხაურებს ყველა მოდელი არ მიიღებს.

როგორც ჩანს, მართლაც ასეა და ეს კარგად ჩანს 8 Series Gran Coupe-ს ახალ, მალულად გადაღებულ ფოტოებზე. მართალია, მანქანის წინა და უკანა ბამპერები კამუფლაჟებით არის დაფარული, მაგრამ ცხაურის ზომა და დიზაინი აშკარად იგივე ჩანს.

უფრო მეტიც, წინა მხარეს ცვლილებები ძალიან უმნიშვნელოა. გადაჭრით თქმა ძნელია, მაგრამ ფარები შეიძლება ოდნავ უფრო წვრილი იყოს. როგორც ჩანს, BMW-მ ცხაურის დაბლითა სექციებს კამუფლაჟების გარდა დამატებითი მასალებითაც ფარავს, რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ იქ დიზაინი შეცვლილი იქნება.

იგივე ამბავია უკანა მხარესაც. ოდნავ არის შეცვლილი ბამპერი და უკანა გაბარიტული ფარები. საერთო ჯამში ალბათ უნდა ველოდოთ, რომ მოხდენილ ოთხკარიან კუპეს დიზაინის ბევრი ელემენტი შენარჩუნებული ექნება.

კადრებში არაფერი ჩანს, რას უნდა ველოდოთ ინტერიერში, მაგრამ სავარაუდოა მცირე ცვლილებები. ასევე შესაძლებელია ცვლილებები ძალურ აგრეგატში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მცირე.

8 Series Gran Coupe-ს დებიუტი 2019 წელს შედგა. გაყიდვებმა არც ისე კარგი შედეგები აჩვენა და შესაბამისად, ამის გამოსწორებას BMW განახლებებით ცდილობს.