Lada 2101 კომპაქტური სედანი იყო, რომელსაც 1970-1988 წლებში AvtoVAZ-ი აწარმოებდა და კომპანიის პირველ საწარმოო მოდელს წარმოადგენდა. Fiat 124-ის მოდიფიცირებული ვერსია, რომელიც საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთის ბლოკის საჭიროებებზე იყო მორგებული. მოკრძალებული მანქანა ყველაზე იაფი ახალი მანქანა იყო ბრიტანეთში მას შემდეგ, რაც 1974 წლიდან მისი იმპორტი დაიწყო.
124-ის ორიგინალი ინტერიერი საკმაოდ მოხდენილი იყო, მაგრამ Lada-მ ის ძლიერ შეცვალა და მომხმარებელს იაფფასიანი, უბრალო კაბინა შესთავაზა. სედანის 50-ე იუბილეზე, ბულგარეთის ერთ-ერთმა ტუნინგ სტუდიამ 2101-ის ინტერიერისთვის მოხდენილი დიზაინის დაბრუნება გადაწყვიტა. მათი შრომა მართლაც საოცარი შედეგით დასრულდა.
კაბინა სრულად დაშალეს და ძარის სრული ხმის იზოლაცია მოახდინეს. ტუნერებმა შექმნეს მორგებული ცენტრალური კონსოლი აუდიოსისტემით. მის დაბლა ნახავთ ტყავგადაკრულ გადაცემათა გადართვის ბერკეტს, უფრო დაბლა კი ალუმინის დაფას, რომელზეც გამოშვების თარიღი და მფლობელის სახელი წერია.
ინტერიერის თითქმის ყველა დეტალი სიღრმისეულად არის შეცვლილი; ერთადერთი კომპონენტი, რომელიც ხელუხლებლად არის დატოვებული, ცენტრალური სავენტილაციო ხვრელებია. სავარძლები Toyota-ს მანქანიდან არის აღებული და გადაკრული აქვს ყავისფერი ტყავი თეთრი კონტრასტული ნაკერებით. პედლების ალუმინის საფარი, რეტრო დიზაინის ხის საჭე და მაჩვენებელთა თეთრი დაფა მხოლოდ ის რამდენიმე უნიკალური მახასიათებელია, რომლებსაც ამ Lada-ში ნახავთ.
წინა კარის პანელებზე მიკრულია პატარა ჩანთები. ამავე მახასიათებლებს წინა სავარძლების უკანაც ნახავთ მიმაგრებულს.
ბულგარელების ჯგუფი პროექტზე ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა. გამოცემა Autoclub.bg-ის ცნობით, მანქანა არ იყიდება.