Acura-მ აშშ-ში RLX-ის გაყიდვა 2020 წელს შეწყვიტა, მაგრამ ეს ფლაგმანური სედანი სხვა ბაზრებზე მაინც ხელმისაწვდომია, სადაც მას Honda ყიდის Legend-ის სახელით.
რამდენიმე დღის წინ Honda-მ იაპონიის ბაზრისთვის განკუთვნილი განახლებული Legend-ი წარმოადგინა; მანქანის ერთ-ერთი საკვანძო მახასიათებელია ელექტრონული მართვის დამხმარე, რომელიც თვითმართვის შესაძლებლობების მიხედვით მე-3 დონით არის შეფასებული. Level 3 კი ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ გარემოში მანქანას მართვა დამოუკიდებლად შეუძლია, ანუ მძღოლს შეეძლება საჭეს მოშორდეს და გზას არც კი უყუროს.
Legend-ის ავტომატური მართვის სისტემა წარმოადგენს მძღოლის ახალი ელექტრონული დამხმარე სისტემა Honda Sensing Elite-ის ნაწილს. შეუძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდეს საცობებსა და ავტომაგისტრალზე მართვას, მაგრამ აქვს გარკვეული შეზღუდვებიც. მაგალითად, საცობის რეჟიმის ფუნქცია მხოლოდ გარკვეულ გარემოში, დაბალ სიჩქარეზე მუშაობს. მისი გამოყენებისას, მძღოლს თავისუფლად შეუძლია საინფორმაციო სისტემის ეკრანი გართობის მიზნით გამოიყენოს.
ავტომაგისტრალის რეჟიმი ცოტა უფრო რთულია. მუშაობს მხოლოდ იქ, სადაც რუკის საკმარისი მონაცემებია, რომლებსაც სისტემა GPS მონაცემებითა და საბორტო სენსორების საშუალებით იყენებს მანქანის პოზიციის მიმართვისთვის. ამავე დროს, მანქანაში ჩამონტაჟებული მონიტორინგის კამერის საშუალებით სისტემა აკვირდება მძღოლის მდგომარეობასაც.
სისტემას შეუძლია დამოუკიდებლად შეიცვალოს მოძრაობის ზოლი, როდესაც მის წინ ნელა მიმავალი მანქანაა. სისტემა პირველ რიგში მძღოლს აცნობებს, შემდეგ კი მანევრის შესრულებას იწყებს. ასევე აღჭურვილია ზოლის შეცვლის დამხმარით, რომელშიც მძღოლი ინდიკატორის გააქტიურების გზით ირჩევს, როდის შეიცვალოს ზოლები, შემდეგ კი სისტემა მანევრს თავად ასრულებს.
მართალია, მძღოლს საჭეზე ხელის მოკიდება სულ არ სჭირდება, როდესაც სისტემა გააქტიურებულია, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ მუდამ მზად იყოს ნებისმიერ მომენტში კონტროლის დასამყარებლად; შესაბამისად, გზაზე დაკვირვება მაინც მოეთხოვება. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი კონტროლის დამყარების მოთხოვნას არ პასუხობს, სისტემა ისეა დაპროგრამებული, რომ მანქანა უსაფრთხოდ გააჩეროს გარე ზოლში ან გზის მიღმა. სხვა მძღოლების ყურადღების მისაქცევად სისტემა ამ დროს იყენებს გამაფრთხილებელ ნათებებსა და ხმებსაც.
მიუხედავად იმისა, რომ Level 3 ავტომატური მართვის სისტემები სხვა ავტომწარმოებლებსაც აქვთ გამოყენებული, Honda პირველია, რომელმაც მისი გაყიდვა დაიწყო, ჯერჯერობით მხოლოდ იაპონიაში. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამ დროისთვის იაპონია ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეს სისტემა დამტკიცებულია.
იმის გამო, რომ მძღოლებს მანქანაზე კონტროლის აღებისთვის მუდმივი მზადყოფნა მაინც სჭირდებათ, ბევრი ქვეყანა და კომპანია სისტემის დამტკიცებას არ ჩქარობს და Level 4 სისტემას ელოდება, რომელსაც მანქანის მართვა რაიმე ჩარევის გარეშე უფრო დიდხანს შეეძლება. ფინალურ დონედ მიჩნეულია თვითმართვადი სისტემა Level 5, რომელსაც მანქანის ზუსტად ისე მართვა შეეძლება, როგორც ადამიანს.