რამდენიმე დღის წინ Ford Maverick-ი ტესტირებაზე დააფიქსირეს და ფოტოებიც გადაუღეს, რომლებზეც კარგად ჩანს ამ პატარა პიკაპის გარკვეული, ახალი მახასიათებლები. მაგალითად, რამდენიმე ფოტოზე პიკაპის უკან F-150 ჩანს, რაც ამ ორი მოდელის ზომების შედარების საშუალებას გვაძლევს.

გამორჩეული სხვაობა, რაც ამ Maverick-სა და ამ მოდელისთვის უფრო ადრე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, წინა ნაწილია. ახალ ვარიანტს უფრო პატარა კვადრატები და ვერტიკალური დგარები აქვს.

სამწუხაროდ არ გვაქვს ფოტო, რომელზეც Maverick-ი პირდაპირ F-150-ის გვერდით იქნებოდა, მაგრამ პროპორციები აშკარად აჩვენებს, რომ პიკაპის უჩარჩოო ძარა მის ჩარჩოიან „ძმისაზე“ საკმაოდ პატარაა. ამას გარდა, Maverick-ი უფრო დაბალიც ჩანს.

ჯაშუშ ფოტოგრაფთა განცხადებიუთ, სავარაუდოდ, ფოტოებზე ვხედავთ Maverick-ის ოთხივე წამყვან თვლიან ვერსიას, რადგან ამის ვარაუდის საშუალებას დამოუკიდებელი უკანა საკიდარი იძლევა.

გავრცელებული ინფორმაციით, Maverick-ს შეიძლება Escape-ის ძალური აგრეგატი ჰქონდეს, რადგან ორივე ეს მოდელი ერთ პლატფორმას ეფუძნება. თუ მართლაც ასეა, საწყისი დონის მოდელს 1,5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბოძრავა ექნება 180 ცხენის ძალით. უფრო მძლავრ ვერსიას შეიძლება ჰქონდეს 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა 250 ცხენის ძალით. შეიძლება ვიხილოთ ჰიბრიდიც.

ახალ Maverick-ს Ford-ი მექსიკაში, იმავე საწარმოში გამოუშვებს, სადაც Bronco Sport-ი იწარმოება. მანქანა ბაზარზე 2021 წლის ბოლოს, 2022 წლის მოდელის სახით გამოჩნდება.