Audi მომავლისთვის ემზადება, მაგრამ მანქანებზე TFSI, TSI და TDI ემბლემების გარეშე. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა მარკუს დუსმანმა გამოცემა Automobilewoche-ს განუცხადა, Audi ახალი ძრავების შექმნაზე აღარ იმუშავებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ შიგაწვის ძრავებს აღარ გამოუშვებს და ამის ნაცვლად, ბენზინისა და დიზელის არსებულ ძრავებს განაახლებს, რათა შესაბამისობაში იყოს გამონაბოლქვის სულ უფრო და უფრო მკაცრ რეგულაციებთან.

ეს სულაც არ გახლავთ დიდი სიურპრიზი, თუ გავითვალისწინებთ გერმანული ავტომწარმოებლის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საკვანძო მოდელები, მათ შორის A4 და A6 2030 წლამდე მთლიანად ელექტრომობილები გახდება.

ამავე ინტერვიუში მარკუს დუსმანმა აღნიშნა, რომ არსებული შიგაწვის ძრავების განახლება და Euro 7 სტანდარტებთან მოყვანა უდიდესი გამოწვევა იქნება. დუსმანი შეფარვით აკრიტიკებს ევროკავშირსაც და ამბობს, რომ გარემოს ამ ძალიან ძნელად საწარმოებელ სუფთა ძრავებისგან ძალიან მცირე სარგებელი აქვს.

Audi-ს ამ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დიდი გამოძახილი ექნება მთლიანად Volkswagen Group-ში, რადგან Audi ამ ჯგუფში ლიდერია კვლევისა და განვითარების მიმართულებით.

ერთ-ერთ წინა ინტერვიუში კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 2035 წლისთვის Audi მთლიანად ელექტრომობილების ბრენდი იქნება.