Peugeot-ს ოჯახს ახალი ჰეტჩბეკი ემატება, 308, რომელიც წლის ბოლომდე ევროპისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე გავა. სპორტული დიზაინისა და სხვა დიდი სიახლეების გარდა, VW Golf-ის მეტოქეს ელექტრიფიცირებული ძალური აგრეგატიც აქვს.
მანქანა ეფუძნება მესამე თაობის Stellantis-ის EMP2 პლატფორმას, რომელმაც ახალი 308-ის თვლების ბაზა 55 მილიმეტრით გაზარდა. განახლებულ მანქანაში Peugeot-მ 20 მილიმეტრით შეამცირა სიმაღლეც. წინა მხარეს თვალს მოგჭრით ფრანგული ბრენდის ახალი ლოგო.
2021 წლის 308-ის ყველა ვარიანტს სტანდარტის სახით აქვს LED ფარები, რომლებსაც თან ახლავს ვერტიკალური დღისით მოძრაობის LED ფარებიც. ამ ფარებში, 3-8-ის GT და GT Premium ვარიანტებში გამოყენებულია Peugeot Matrix LED ტექნოლოგია.
მანქანის ინტერიერს Peugeot-ს ცნობილი i-Cockpit დიზაინი აქვს, რომელიც მოიცავს 10-ინჩიან ციფრულ მაჩვენებელთა დაფას, რომელსაც GT მოდელებზე 3D მახასიათებლებიც აქვს. იქვეა 10-ინჩიანი საინფორმაციო დისპლეიც.
308 აღჭურვილია Peugeot-ს ახალი i-Connect საინფორმაციო პროგრამული უზრუნველყოფით, რომელსაც აქვს მართვის რვა სხვადასხვა პროფილი და ეკრანის უსადენო არეკვლის ფუნქცია.
მანქანა აღჭურვილია მძღოლის დამხმარე და უსაფრთხოების სისტემებით, Drive Assist pack სისტემით, რომელსაც აქვს ადაპტური კრუიზ-კოტროლი, ზოლის შენარჩუნების დამხმარე, ნახევრად ავტომატური ზოლის შეცვლა, სიჩქარის რეკომენდაცია და მოხვევის სიჩქარის ადაპტირების სისტემა. სტანდარტის სახით წარმოდგენილ სხვა მახასიათებელთა შორის არის უხილავი ზონების მონიტორინგი, უკნიდან შეჯახების გამაფრთხილებელი, მაღალი გარჩევადობის 180-გრადუსიანი უკუსვლის კამერა, 360-გრადუსიანი ხედვის პარკინგის დამხმარე ოთხი კამერით, საჭის გათბობა, E-call+ გადაუდებელი ზარის ფუნქცია.
2021 წლის 308-ს Peugeot დატენვადი ჰიბრიდის ორი ვერსიის სახით გაყიდის. საბაზისო მოდელია ჰიბრიდული 80 e-EAT8 ვარიანტი 150 ცხენის ძალიანი ძრავით და 81-კილოვატიანი ელექტროძრავით; ელექტრორეჟიმში 60 კილომეტრს ფარავს. ფლაგმანური ჰიბრიდი მოდელია 225 e-EAT8, რომელსაც 180 ცხენის ძალიანი ძრავა და 81-კილოვატიანი ელექტროძრავა აქვს; ელექტრორეჟიმში ეს მოდელი 58 კილომეტრს ფარავს. ორივე ვარიანტი იყენებს 12,4-კილოვატსაათიან ლითიუმ-იონურ ბატარეას. 308 ასევე ხელმისაწვდომი იქნება 1,2-ლიტრიანი PureTech 130 ბენზინის ძრავით და 1,5-ლიტრიანი BlueHDi 130 დიზელის ძრავით.