სხვა ავტომწარმოებლებისგან განსხვავებით, Toyota A-სეგმენტში მაინც რჩება და Aygo X Prologue concept-ი წარმოადგინა, ქროსოვერი, რომელიც მის წარმატებულ ქალაქის მანქანას ჩაანაცვლებს.

კონცეპტუალური მანქანა დაახლოებით წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, როგორი შეიძლება იყოს კომპანიის ყველაზე პატარა ავტომობილი. Peugeot-სთან და Citroën-თან ერთად შექმნილი მოდელების, 108-სა და C1-ისგან განსხვავებით, ახალი Aygo ექსკლუზიურად Toyota-ს მიერ არის შექმნილი.

მოდელს აქვს საკმაოდ მაღალი კლირენსი, დიდი თვლები Goodyear-ის მიერ წარმოებული Aygo X-ით ბრენდირებული საბურავებით, მძლავრი ძარა გაშლილი თაღებითა და „ჩაჭედილი“ სახურავით. გამქრალია ამჟამინდელი მოდელის X-ის ფორმის ცხვირი და წინა ნაწილი ახლა უფრო სუფთა დიზაინის არის, ორშრიანი კაპოტითა და C-ს ფორმის ფარებით, რომლებსაც ერთმანეთთან LED ზონარი აკავშირებს. ბამპერში ჩასმულია გაცილებით დიდი ქვედა ცხაურა, ორი გვერდითა ჰაერმიმღები და LED სანისლე ფარები.

უფრო ევოლუციურად გამოიყურება უკანა ნაწილი, საბარგულის ფართო კარის აქეთ-იქით განთავსებული ვერტიკალური გაბარიტული ფარებით, რომლებსაც ერთმანეთთან ასევე LED ზონარი აკავშირებს. დიზაინის გამორჩეულ მახასიათებლებს შორის არის ველოსიპედის დამჭერი, კარის უხილავი სახელურები და კამერები გვერდითა სარკეებზე, რომლებიც Toyota-ს განცხადებით, „განსაკუთრებული მომენტების აღბეჭდვაში დაგეხმარებათ“. ამ დრომდე არ გავრცელებულა ინტერიერის ფოტოები.

საწარმოო მოდელი იმავე პლატფორმაზე აიწყობა, რომელზეც არის უახლესი Yaris-ი. GA-B არქიტექტურა თავსებადია სხვადასხვა ძრავებთან; გავრცელებული ინფორმაციით, ქროსოვერს პატარა მოცულობის ბენზინის ძრავა ექნება.

Toyota ჯერ არაფერს ამბობს მისი ახალი, ამ დროისათვის ყველაზე პატარა ქროსოვერის გამოსვლის ოფიციალური თარიღის შესახებ, მაგრამ სავარაუდოდ, მანქანის პრემიერას წლის ბოლოს ან 2022 წლის პირველ ნახევარში უნდა ველოდოთ.