სუფთა ექსტერიერითა და მოულოდნელად დიდი სივრცით, Hyundai-ს ახალმა Ioniq 5 EV-მა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ მანქანის ინტერიერში კარგად ჩახედვის საშუალება არც ისე ბევრ ადამიანს ჰქონია, თუ არ ჩავთვლით მედიაში გავრცელებულ რამდენიმე ფოტოს. თუმცა, YouTube არხი Asian Petrolhead-ი უკვე გვთავაზობს მანქანის ინტერიერის ყოვლისმომცველ მიმოხილვას.

პირველ რიგში თვალში მოგხვდებათ უკანა ნაწილი, რომელიც გასაოცრად დიდია. უკანა სკამებს აქვს გათბობა და შესაძლებელია 13 სანტიმეტრით წინ და უკან გაწევა, მგზავრის სურვილთა შესაბამისად. ცენტრალურ დგარზე სავენტილაციო ხვრელებია, ფანჯრებზე კი მზისგან დამცავები. უკანა კარებს ხელის დასადებთან აქვს განათება, ასევე დინამიკები. ცენტრალური კონსოლის უკანა მხარეს და სავარძლების ქვეშ არის USB სწრაფი დამტენები და სტანდარტული ელექტრო შესაერთებლები, სადაც შესაძლებელია სახლის სხვადასხვა მოწყობილობების მიერთება.

ლუქი და სრულიად ბრტყელი ძირი წინა ნაწილში ჰაეროვან შეგრძნებას ქმნის. მრავალფეროვანია გადასაკრავებიც, რომლებიც მთლიანად ეკომეგობრული მასალებისგან არის დამზადებული, მათ შორის ხელახლა გადამუშავებულით. ხელსაწყოთა პანელზე განთავსებულია ორი 12,3-ინჩიანი ეკრანი — ერთი მათგანი მაჩვენებელთა დაფის ფუნქციას ასრულებს, მეორე კი საინფორმაციოს. პანელის კუთხეებში მათ თან ახლავს ეკრანები, რომლებმაც ტრადიციული გვერდითა სარკეები ჩაანაცვლა.

რაც შეეხება მართვის ღილაკთა ნაწილს, განსაკუთრებით ბევრია ფიზიკური ღილაკი, რაც ცოტა უცნაურია ელექტრომობილებში დამკვიდრებული ყოვლისმომცველი ეკრანების გამოყენების ტენდენციის ფონზე. ინტერიერის კიდებ ერთი საინტერესო დეტალია ცენტრალური კონსოლი. უკანა სავარძლების მსგავსად, ისიც 13 სანტიმეტრით წინ და უკან მოძრაობს და ასეთი სხვადასხვა კონფიგურაციით მეტ კომფორტს სთავაზობს როგორც წინა, ისე უკანა მგზავრებს. კონსოლს აქვს USB სწრაფი დამტენი პორტები და უსადენო სამუხტი ზედაპირი, ჭიქების სამაგრი და მკლავის ჩამოსადები შიგ ჩაშენებული სათავსოთი.

საერთო ჯამში, Ioniq 5-ის ინტერიერი წარმოადგენს გამოსადეგობისა და სიმარტივის ძალიან კარგ ბალანსს, პარალელურად კი ინარჩუნებს კომფორტსა და ტევადობასაც. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სტატიაში განხილულია კორეული ბაზრისთვის განკუთვნილი მოდელი და ჯერ უცნობია, იქნება თუ არა სალონი იგივე სხვა ბაზრების მოდელთა შემთხვევაშიც.