ალბათ ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ, რატომ აქვს თქვენს მანქანას დილით დაქოქვისას დიდი ხმა.

როგორც ამერიკული საავტომობილო სადაზღვევო კომპანია Hagerty-ს ახალ ვიდეოშია განმარტებული, ამ დროს ძრავა რაც შეიძლება ნაკლებად ეფექტიანად მუშაობს, რათა საკუთარი თავი გაათბოს. ზუსტი მიზეზები დროთა განმავლობაში შეიცვალა, მაგრამ ძირითადი იდეა მაინც იგივე დარჩა.

ამ დროს თქვენს მანქანას ასეთი ხმა იმიტომ აქვს, რომ ძრავა ყველაზე ცუდად მაშინ მუშაობს, როდესაც ცივია. შიგაწვის ძრავები შექმნილია ცხელზე მუშაობისთვის და შესაბამისად, როცა ცივია, საწვავი შესაფერისად არ იწვება და წარმოიქმნება კიდევ უფრო მეტი შიდა წინააღმდეგობა.

თანამედროვე მანქანებში ამას ემატება კატალიზური კონვერტერიც, რომელსაც სათანადოდ მუშაობისთვის ასევე გაცხელება სჭირდება. გამომდინარე აქედან, გამოსავალს წარმოადგენს მცირე ხნით ძრავის ნაკლებად ეფექტიანი მუშაობა, რათა ამ დროს გარემოში რაც შეიძლება მცირე მავნე გამონაბოლქვი გავიდეს.

ამ ყველაფრის შედეგი ის არის, რომ თანამედროვე მანქანებში შეიცვალა სარქველებისა და აალების სინქრონულობა, რათა სითბო მიზანმიმართულად წარმოიქმნას იქამდე, ვიდრე ისინი ნორმალურ მოქმედებას დაუბრუნდებიან და ძრავა რაც შეიძლება ეფექტიანად ამუშავდება. ეს ფუნქცია არსებითად არ განსხვავდება ძველი პრინციპისგან, მაგრამ თანამედროვე მანქანები ამ მხრივ გაცილებით დახვეწილია.